ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი - „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობითაა გამოწვეული - წლის განმავლობაში ქსელზე 18,000-ზე მეტი ავარია ფიქსირდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების აუდიტი დაასრულა, რომლის შედეგებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი” ზურა ალფაიძემ, „ჯივიპის“ ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორმა და გიგა ნადირაძემ, აქტივების მართვის დირექტორმა ისაუბრეს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სისტემური აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ დღეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს როგორც მყისიერ რეაგირებას, ასევე განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასა და მასშტაბურ ინვესტიციას.

„წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა ქსელზე დაზიანებების გამომწვევი მთავარი პრობლემები და კრიტიკული მონაკვეთები. „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით“, - განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

„აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%. 2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება. თბილისში, წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია). მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც, რაც გულისხმობს: ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას.

აუდიტის შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას.

გეგმის განხორციელების ფარგლებში, შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო