ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლობით ორგანიზებული ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ.

ირაკლი შოთაძემ მიმართვისას განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციისთვისა და ცნობიერების ასამაღლებლად.

“ჩემპიონატი, რომელიც დღეს იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით პროკურატურისა და პროკურორების რესურსების გასაძლიერებლად, რადგან ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამ მიზნით, პროკურატურაში შევქმენით სპეციალიზებული დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი პროკურორების გადამზადებას, რათა რაც შეიძლება მეტ პროკურორს ჰქონდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანად განსახორციელებლად”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და მასში 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავს.

„პროექტისთვის თითოეული უნივერსიტეტი დაცვისა და ბრალდების ორ გუნდს, ასევე, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას წარადგენს, რომელიც სხვა ფაკულტეტების 12 სტუდენტისაგან იქნება დაკომპლექტებული.

კონკურსში მონაწილე გუნდებს იმიტირებული პროცესებისთვის კვალიფიციური ფასილიტატორები მოამზადებენ. მათი შეფასების საფუძველზე გამოვლენილი ოთხი საუკეთესო გუნდი (ორი რეგიონებიდან და ორი თბილისიდან) კი ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის ფინალისტებს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენერები მოამზადებენ.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში იმართება, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს