ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯის საქმეზე - შეთანხმების მიღება პრეზიდენტის კომპეტენცია იყო

დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.

2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა საკითხი ჩემი თანდასწრებით განხილული, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ (მალხაზ მიქელაძემ) თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი... უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა”, - განაცხადა ნოღაიდელმა.

კითხვაზე, 2006 წელს ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტი თუ იყო მისთვის ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა“.

„ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია",- განაცხადა ნოღაიდელმა.

ადვოკატის კითხვაზე, საქართველოს რა რუკები ჰქონდა აზერბაიჯანთან წარდგენილი, თუ დაინტერესებულა, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ - არა.

„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო",- განაცხადა ნოღაიდელმა.

მას პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების მიერ დასმული არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია