პროკურორი - ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ცალსახად განაცხადა, რომ დავით-გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის და მთლიანად, სასაზღვრო ზოლის საკითხები იმჟამინდელი პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია იყო

ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ დავით-გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის და მთლიანად, სასაზღვრო ზოლის საკითხები საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია, უფლებამოსილება იყო, - ამის შესახებ საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ, 1999 წელს არსებობდა თავად ბრალდებულ ივერი მელაშვილის მიერვე შექმნილი და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც კომისიამ საზღვრის დადგენისას არ იხელმძღვანელა.

„გარკვეული მონაკვეთები 2006 წელს შეთანხმდა, რაც საქართველოს პრეზიდენტთან იქნებოდა შეთანხმებული. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მან დაადასტურა, არის ის, რომ 2005 წელს, კომისია აცხადებდა, რომ თურმე, არანაირი დოკუმენტი, არანაირი მასალა, არანაირი რუკა არ არსებობდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ თითქოს, დავით-გარეჯი და მის კომპლექსში შემადგენელი ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე ექცეოდა. ჯერ კიდევ, 1999 წელს, ივერი მელაშვილმა საკუთარი ხელით შექმნა დოკუმენტი და ხელი მოაწერა, სადაც დაფიქსირებული აქვს მათ შორის, ის რუკა, რომელზეც ჩვენ ვედავებით, რომ უნდა გამოყენებულიყო. შესაბამისად, ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, სწორედ ამ ორ კომპონენტთან მიმართებაში“, - განაცხადა სადრაძემ.

კითხვაზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ არ იკვეთება იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა და ხომ არ აპირებენ მისი მოწმის სახით დაკითხვას, პროკურორი პასუხობს, რომ „დეტალებს მათ კონკრეტულ ტაქტიკასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვერ გააჟღერებს, თუმცა, განმარტავს, რომ აბსოლუტურად ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება“.

„შემდეგი ბრალდებული, ვინ იქნება, ამას ვერ გეტყვით, ეს უდანაშაულობის პრეზუმფციასთან კონფლიქტში მოდის, მაგრამ ცალსახად გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა ღონეს განვახორციელებთ, რომ ობიექტური მოცემულობა დადგინდეს.

ორი მოცემულობაა, ერთი, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელზეც მოწმემ ცალსახად განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, კომისიის მარეგულირებელ ბრძანებაშიც, რომლის ავტორიც საქართველოს პრეზიდენტი იყო, ეს მითითებულია. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ გავექცევით. მეორე, მოწმემ დაადასტურა, ფაქტი პრეზიდენტთან შეთანხმებული იქნებოდა, რადგან გარეჯთან დაკავშირებული საკითხი განიხილებოდა. ბრალდებულებს ვედავებით, რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ, დავალების არსებობისას, შეგნებულად არ გამოიყენეს რელევანტური მასალა, სწორედ ამაზეა საუბარი, როცა კომისია უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგა, განაცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი მასალა, რომელიც გარეჯის კუთვნილებას საქართველოსადმი დაადასტურებდა, მაშინ როცა უამრავი ასეთი მასალა არსებობს. მოტივია სწორედ ის არაკეთილსინდისიერი დავალება, რომლის საფუძველზეც ბრალდებულებმა სამწუხაროდ, მაგრამ შეათანხმეს ძალიან ბევრი მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ. ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება, შესაბამისად, დეტალიზაციას ვერ მოვახდენ, თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, როცა მტკიცებულებითი სტანდარტი იარსებებს, სამართლებრივი შეფასება მას აუცილებლად მოჰყვება...

რეალობა და ღონისძიებები რაც განხორციელდა, არის შემდეგი, რომ 2006 წელს, ჩიჩხიტურის კოშკიდან, 100 მეტრის დაშორებით შეთანხმდა კონკრეტული მონაკვეთი, შესაბამისად, ეს ფაქტია აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხი, იმაზე თუ რა განზრახვები, რა მიმართულებები და რა სურვილები ჰქონდათ მაშინ. რაც არ უნდა ისაუბროს დაცვამ, თითქოს, ბრალდებულები ამ მიმართულებით იბრძოდნენ, ამის საპირისპიროდ არამხოლოდ ის არის, რომ ეს ყველაფერი ხელმოწერით დაადასტურეს, არამედ არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც გასაჯაროებულია, სადაც ივერი მელაშვილს პრაქტიკულად, აღიარება აქვს განხორციელებული“, - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია