ირაკლი კობახიძე ევრორეკომენდაციებზე - თუ 9 მოთხოვნას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან მოთხოვნების 80% შესრულებულია - შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე 12 საკითხზე იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების 9 პუნქტზე მუშაობის პროცესში მმართველი გუნდის მხრიდან ღიაობა იქნება და ოპოზიციას ჩართულობას შესთავაზებენ.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლება ინკლუზიური, ოპოზიცია კი კონსტრუქციული უნდა იყოს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 მოთხოვნა უფრო კონკრეტულია და მასზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე წინა 12 პუნქტზე იყო.

„არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროცესი გახსნილი იქნება. 12 პუნქტის ფარგლებშიც შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ პროცესში, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა. ახლაც კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება. ასევე იქნება სხვა სუბიექტებთანაც თანამშრომლობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ღიაობა იქნება.

9 მოთხოვნაა, რომელიც ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე წინა 12 იყო. წინა 12 რეკომენდაცია ბევრად უფრო მასშტაბური იყო. თუ ამ ახალ 9 მოთხოვნას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან მოთხოვნების 80% შესრულებულია. შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე 12 საკითხზე იყო. დანარჩენი სამუშაო პროცესზეა დამოკიდებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ჰერჩინკის განცხადების კიდევ ერთ ნაწილს, სადაც ის საარჩევნო ბარიერზე საუბრობს, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ აქვს, რომ ბარიერი დაწიოს.

„ვეთანხმები ევროკავშირის ელჩს, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მაღალი ბარიერი მოქმედებს, მხოლოდ 4 ქვეყანაშია 3% ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს, პლუსებიც და მინუსებიც აქვს. მთავარი პლუსი ისაა, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ერთგვარად სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება და ამიტომაა მნიშვნელოვანი 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ელჩის კიდევ ერთ განცხადებაზე კი, რომელიც მომავალ არჩევნებს შეეხება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული, როგორც წინა შემთხვევებში“.

„2012 წელს საქართველოში დასრულდა არჩევნები ტოტალური გაყალბების პრაქტიკა. იმის შემდეგ ტარდება დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები და ეს არჩევნებიც ასეთი იქნება“,- განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო