დარღვევებით შევსებული დეკლარაციები, მსუბუქი სანქციები და არც ერთი გამოძიებული საქმე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო 3 წლის მონაცემებით, თანამდებობის პირებიდან 50% დეკლარაციას დარღვევით ავსებს. ეს დეკლარაციაში ქონების განზრახ დამალვაა, თუ დოკუმენტები შეცდომითა შევსებული, ამის დადგენა მხოლოდ საგამოძიებო უწყებას შეუძლია, იქამდე კი, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საქმე თითქმის, არასდროს მიდის. არიან თუ არა დამრღვევ თანამდებობის პირებს შორის ოპოზიციური პარტიის წევრებიც და რა სანქციებია დოკუმენტის არასწორად შევსებისთვის, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელი, სადრო ქევხიშვილი საუბრობს.
ორგანიზაციის ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელის განმარტებით, გასულ წელს, თანამდებობის 136 პირი დაჯარიმდა, 45-ს კი გაფრთხილება მიეცა. მისივე თქმით, დაჯარიმებული პირებიდან ნახევარმა უძრავი ქონება ან დამალა, ან არ მიუთითა. მისივე განცხადებით, არც ერთ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
ინტერვიუში ქევხიშვილი ასევე ამბობს იმასაც, რომ დეკლარაციის შევსების წესს, ყველა პარტიაში არღვევენ, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.
- ბატონო სანდრო, ხშირად ისმის ბრალდებები, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები დეკლარაციაში მათ ქონებრივ მდგომარეობას მალავენ, ან არ უთითებენ. რა მექანიზმებით ხდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, ვინ ახორციელებს აღნიშნულს და რა სიხშირით?
- მონიტორინგს ამ ეტაპზე უკვე ახალი, ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნით შეიქმნა, ეს ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების პროცესის ნაწილია. აქამდე ამ ფუნქციას საჯარო სამსახურის ბიურო ასრულებდა, ეს სისტემა 2017 წელს ამოქმედდა, მანამდე მონიტორინგი არ იყო, დეკლარაციის შევსების ვალდებულება იყო, დეკლარაციას ავსებდნენ, თუმცა, ამ დოკუმენტებში რას წერდნენ, ამას არავინ ამოწმებდა, ანუ 2017 წლამდე დაწერილი დეკლარაციები აბსოლუტურად კეთილ ნებაზე იყო. საქართველოში, წელიწადში, დაახლოებით, 6000-7000 თანამდებობის პირი ავსებს დეკლარაციას, ეს დეკლარაციები ღიად იდება და საჯაროდ ხელმისაწვდომია. აქედან დაახლოებით, 600-700 საიდუმლო დეკლარაციებია - სუს-ის და მსგავსი უწყების თანამშრომლების, რაც საჯარო არ არის. თუმცა, ანტიკორუფციულ ბიუროს მასზე წვდომა აქვს, რათა მონიტორინგი გააკეთოს. 7 000 დეკლარაციიდან ყველა არ მოწმდება, რამდენიმე ტიპის მექანიზმი მუშაობს, რითაც მონიტორინგისთვის დეკლარაციები შეირჩევა.
პირველი, შემთხვევითობის პრინციპია, ასეთი წესით, წლის განმავლობაში შევსებული დეკლარაციების 5% უნდა შეირჩეს. მეორე, ყოველ წელს, დეკლარაციების შემრჩევი დამოუკიდებელი კომისია იქმნება, რასაც ამჯერად ანტიკორუფციული ბიურო გააკეთებს. აღნიშნული კომისია კიდევ 5%-ს არჩევს. თავად კომისიის წევრების შერჩევაზე კონკურსი ახლაა გამოცხადებული. კომისიაში 5 წევრია, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციის 3 წარმომადგენელი და ვაპირებთ, რომ აქ ჩვენც ვიყოთ, ასევე, ამ კომისიაში აკადემიური წრეების 2 წარმომადგენელი უნდა იყოს. მოთხოვნაა, რომ ეს ადამიანები და ორგანიზაციები კორუფციაზე უნდა მუშაობდნენ.
მესამე, ძალიან კარგი ფაქტია ის, რომ გარეშე პირები თუ დეკლარაციაში დარღვევას აღმოაჩენენ, შეუძლიათ, ანტიკორუფციულ ბიუროს გაუგზავნონ, ის ვალდებულია, მონიტორინგი დაიწყოს.
- თუ გაქვთ მონაცემები, თანამდებობის პირებიდან დეკლარაციას რამდენი არ ავსებს?
- ინდივიდუალური შემთხვევები არის, როცა დეკლარაციას არ ავსებენ ხოლმე. თუ სწორად მახსოვს, რამდენიმე ასეთი პარლამენტარი იყო. თუ არ ვცდები, საქმე სასამართლომდეც იყო მისული. თუ რამდენი პირი არ ავსებს დეკლარაციას, ეს ინფორმაცია არ გამოგვითხოვია, შანსი არის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ეს დათვლილი ჰქონდეს და გაასაჯაროოს, შეიძლება ვკითხოთ კიდეც, თუმცა, ეს შემთხვევა ბევრი არ იქნება. ეს პრობლემა, რომ დეკლარაციას არ ავსებენ, ნაკლებად დგას - ავსებენ, უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ დარღვევებით, ანუ კეთილსინდისიერად არ ეკიდებიან და სრულყოფილად, ისე როგორც საჭიროა, არ ავსებენ.
- თქვენი ორგანიზაცია აღნიშნულ თემაზე აქტიურად მუშაობს. ძირითადად, რა სახის დარღვევებს აწყდებით, რას ტიპის ქონებას მალავენ ყველაზე ხშირად თანამდებობის პირები?
- დეკლარაციაში სავალდებულოა ქონების, ფინანსების, სამეწარმეო საქმიანობის და ასევე, ოჯახის წევრების შესახებ კავშირების ჩაწერა. მონიტორინგს, ოფიციალური ბიუროს სისტემას ყველანაირ ბაზასთან აქვს წვდომა გარდა, საბანკო მონაცემებისა. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს, მხოლოდ ღია მონაცემებზე გვაქვს წვდომა, ამაში შედის უძრავი ქონების რეესტრი, ბიზნეს რეესტრი. ამიტომ, ჩვენ რის აღმოჩენასაც ვახერხებთ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა წყაროები გვაქვს. წვდომა არ გვაქვს საბანკო ანგარიშებზე, გადარიცხვებზე, შესაბამისად, თუ ადამიანმა არ ჩაწერა მისი საბანკო ანგარიში და არ მიუთითა, რომ იქ პირობითად, 2 მილიონი ლარი აქვს, ჩვენ ამას ფიზიკურად ვერ გავიგებთ. ჩვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევები სწორედ უძრავი ქონების - სახლების, მიწის ნაკვეთების არ მითითებაა, ასევე კომპანიებში წილების ქონა, სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობაში დირექტორობა და ა.შ. ეს არის ყველაზე ხშირი, რასაც ვაწყდებით. ანტიკორუფციული ბიუროს ბოლო მონაცემებით, ძირითადად, ოჯახის წევრების მონაცემებს არ უთითებენ, ანუ ყველაზე ხშირად, მონიტორინგი ამ დარღვევას პოულობს. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს მონაცემები ყოველ წელს იზრდება, ანუ უფრო და უფრო მეტი თანამდებობის პირი ამ დარღვევით ავსებს დეკლარაციას, ანუ რაღაც ინფორმაციას მათი ოჯახის წევრზე, რაც სავალდებულოა, არ წერენ. ამის შემდეგ მოდის, საბანკო ანგარიშების, ასევე, შემოსავლის და ანაზღაურების არ მითითება, ესეც, ბოლო წლებში იზრდება. თანამდებობის პირების ¾ ანუ უმეტესობა რაღაცას არ უთითებს.
- ანუ მალავენ?
- ამის ასე პირდაპირ თქმა, არასწორი იქნება, რადგან დეკლარაციის შევსება მარტივი არ არის. სამწუხაროდ, შევსების წესი, პროცედურა, მარტივად გასაგები არ არის, თანამდებობის პირები ბიუროს ურეკავენ, რომ დეკლარაციის შევსებაში დაეხმარონ, შესაბამისად, ბევრი უნებლიე შეცდომაცაა. საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელიც აქამდე მონიტორინგს ახორციელებდა, წლიურ ანგარიშში იმ ადამიანებზე, ვინც დეკლარაციაში უძრავი ქონება არ მიუთითა, ან არასრულად შეავსო დოკუმენტი, უწერიათ, რომ გამორჩათ. მონიტორინგის სამსახური ამ შემთხვევაში თავად წყვეტს, რა იყო განზრახვა, ანუ ისინი წყვეტენ მათ მაგივრად, რომ ქონების მითითება ყველას გამორჩა, რაც სწორი არ არის, რადგან მონიტორინგის ფუნქცია არაა განზრახვის დადგენა. ქონება თანამდებობის პირმა ძალით დამალა, მისი მითითება მართლა გამორჩა, თუ შეეშალა, ამის დადგენა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია.
- რამდენად ხშირად მიდის საქმე გამოძიებამდე?
- გამოძიებამდე საქმე არ მიდის. მაგალითად, საჯარო სამსახურის ბიუროს ბოლო, შარშანდელი მონაცემებიდან არც ერთი შემთხვევა არ გაუგზავნია პროკურატურაში გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში წერია, თუ დანაშაულის ნიშნებია, ის საგამოძიებო უწყებაში აუცილებლად უნდა გაგზავნონ. კანონში ცოტა ბუნდოვანება არის, რასაც იყენებენ და საქმეს პროკურატურაში არ გზავნიან. აქამდე, წელიწადში თითო შემთხვევას მაინც აგზავნიდნენ, მაგრამ ისე, რომ არ ასაჯაროებდნენ, ვისზე გააგზავნეს, ახლა ეს საქმე ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაიბარა. ჩვენც გვაინტერესებს, წლის ბოლოს, რას იტყვიან, ესენიც თუ იტყვიან, რომ არც ერთი საქმე პროკურატურაში არ გაგვიგზავნიაო, ეს კარგი ინდიკატორი იქნება ჩვენთვის, რომ ე.ი. ამ მიმართულებით დიდი გაუმჯობესება არ გვექნება იმის მიუხედავად, რომ ახალი უწყება გვაქვს. ეს უწყება ოფიციალურად, 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა, მონიტორინგის შედეგების ანგარიშს დეკემბერში დადებენ, საიდანაც პირველი 8 თვე საჯარო სამსახურის ბიუროს ნამუშევარი იქნება, ბოლო 4 თვე კი, ამ ახალი უწყების. თუ პროკურატურაში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა ახლაც ნული იქნება, ეს ჩვენთვის ბევრის მანიშნებელი იქნება.
- ჩაგეკითხებით, დეკლარაციას დარღვევებით ყველაზე ხშირად რომელი უწყების თანამდებობის პირები ავსებენ და რა რანგის თანამდებობის პირების მხრიდან აწყდებით ყველაზე მეტ დარღვევებს?
- ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი დარღვევები პარლამენტის წევრებისგან იყო, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტის წევრებზე გარედან ბევრი მიმართვა იყო, ამიტომაც არის ეს ციფრი მაღალი, თუმცა, რაც უფრო გავდივართ რეგიონებში, მით მეტი დარღვევაა, ეს ტენდენცია იკვეთება. მაგალითად, მოსამართლეებში ყველაზე ნაკლები დარღვევებია, შარშანდელი მონაცემებით, შემოწმებული მოსამართლეებიდან მხოლოდ 6%-ში იპოვეს დარღვევა, რაც ძალიან დაბალია, ასეთი სიტუაცია რომ იყოს ყველგან, კარგი იქნებოდა. მოსამართლეები იურისტები არიან და იციან, დეკლარაცია როგორ შეავსონ, ალბათ, ეს ამით აიხსნება. ეს მაჩვენებელი მუნიციპალიტეტებში რომ ჩავდივართ, იქ იზრდება, მუნიციპალური თანამდებობის პირების 55%-ში დარღვევა იპოვეს - იგულისხმება მერები, მათი მოადგილეები და ა.შ.
- სწორედ ამის კითხვა მინდოდა, თუ განსხვავდება მდგომარეობა რეგიონებსა და თბილისს შორის, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჯეროვნად არ შევსება არის თუ არა გამოწვევა, ვინაიდან ხშირად ისმის გამგებლებზე, მერებზე და ა.შ. ბრალდებები...
- დიახ, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის, განსხვავება არის. მაგალითად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ მოადგილეებში შარშან, ბიურომ დარღვევები 25%-ში აღმოაჩინა, როცა მუნიციპალური ადმინისტრაციების თანამდებობის პირების 55%-შია აღმოჩენილი, ანუ 2-ჯერ მეტი დარღვევა იყო ნაპოვნი. განსხვავების დიდი ნაწილი ალბათ, იმით აიხსნება, რომ ადამიანებმა არ იციან, დეკლარაცია სწორად როგორ შეავსონ. თუმცა, ამის დადგენა შეუძლებელია. არსებობს ის არგუმენტიც, რომ რეგიონულ დონეზე შეიძლება უფრო ფიქრობენ, რომ მათ დეკლარაციას არ შეამოწმებენ და შეუძლიათ, რაღაც არ ჩაწერონ. ჩაღრმავებული კვლევა, რომ მიზეზები დაედგინა, არ ჩატარებულა, ამიტომ რეალური მიზეზი არ ვიცით. რაც შეეხება განზრახ დამალვას, ვიმეორებ, ამის განზრახვის დადგენა რთულია, ეს მხოლოდ გამოძიებამ შეიძლება დაადგინოს. თუმცა, არის ბევრი შემთხვევა, თუნდაც, ჩვენი აღმოჩენილი, სადაც უფრო მეტად დამალვის მცდელობა იკვეთება, მუნიციპალიტეტებში ეს ხშირია. მაგალითად, მერიის და სხვა თანამდებობის პირები შეიძლება კონტრაქტებს კორუფციული გზით მათთან დაკავშირებულ ადამიანებს აძლევდნენ, ასეთი შემთხვევა ბევრია.
- თუ გაქვთ შესწავლილი, რა ხდება ოპოზიციონერი თანამდებობის პირების შემთხვევაში, დეკლარაციას ისინი დარღვევებით ავსებენ?
- პოლიტიკური პარტიების მიხედვით ანალიზი არ გაგვიკეთებია, თუმცა, ვის, რა დარღვევები უპოვეს, ყოველ წელს ქვეყნდება. იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ დეკლარაციის შევსების წესს, ყველა პარტიაში არღვევენ, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ისე არ არის, რომ ოპოზიცია გაცილებით, ან საგრძნობლად უკეთესად ავსებს დეკლარაციას. უბრალოდ, კონკრეტული ციფრი არ ვიცი, საინტერესოა თქვენი კითხვა და ის, თუ რა ციფრი დაჯდებოდა. ალბათ, დარღვევები დაახლოებით, იგივე იქნება, რაც ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან, მოლოდინი არ მაქვს, რომ სერიოზული განსხვავება იქნება. ახალი უწყება ანგარიშს დეკემბერში დადებს, ჩვენ გაზაფხულზე დავწერთ და ამასაც ვნახავთ.
- თქვენ თქვით, რომ დამრღვევი პირების საქმე გამოძიებამდე არც კი მიდის. სხვა მექანიზმები, სანქციები, მათ შორის, ჯარიმები თუ არის, რითაც დეკლარაციის არასწორად შემვსებ პირებს პასუხს მოსთხოვენ?
- ჯარიმების გამოყენება საკმაოდ ხშირია, ჯარიმა დეკლარაციის წესის დარღვევის გამო ერთი თვის ხელფასის 20%-ია, ანუ მინიმუმ 500 ლარია. პარლამენტის წევრის შემთხვევაში, ეს 1000 ლარამდე გამოდის, რაც ცოტაა, რეალურად დარღვევის ციფრებიც ამას აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სამწუხაროდ, არ მცირდება დეკლარაციის დამრღვევების პროცენტული მაჩვენებელი. თანამდებობის პირების დაახლოებით, ნახევარს ისეთი დარღვევა აქვს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. 2017 წელს, როცა ეს მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა, დარღვევა 80%-ში იყო, თუმცა, იმის გამო, რომ მონიტორინგი არ ხდებოდა. ამ მონაცემებმა შემდეგ ნელ-ნელა დაიკლო, ბოლო 3 წელში, წელიწადში 50% დარღვევით ავსებს დეკლარაციას, ეს მაჩვენებელი ხან მეტია, ხან - ცოტა. თუ რატომ არის ეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ სანქცია მსუბუქია, ჯარიმას იხდიან და მტკივნეული ამბავი არ არის.
- ჯარიმას ყველა დამრღვევი იხდის, თუ არიან თანამდებობის პირები, რომლებიც ამასაც არ აკეთებენ?
- ყოფილა შემთხვევები, როცა ეს გაუსაჩივრებიათ. თუ არ ვცდები, გასაჩივრების შემთხვევებზე მონიტორინგის ანგარიშშია ხოლმე მითითებული. მცირე ნაწილი ასაჩივრებს, ამას მასიური ხასიათი არ აქვს, უმეტესი ნაწილი იხდის. მაგალითად, შარშან, 136 თანამდებობის პირი დაჯარიმდა, 45 პირს გაფრთხილება მიეცა. დაჯარიმებული პირებიდან ნახევარმა უძრავი ქონება ან დამალა, ან არ მიუთითა, მაგრამ გამოძიება არც ერთზე არ დაწყებულა. ჯარიმა აქტიურად გამოიყენება, უბრალოდ, ის მსუბუქი სანქციაა. მაგალითად, როცა ამ საქმეზე მომუშავე უცხოელები ჩამოდიან და ვეუბნებით, რომ ამდენი პირი დაჯარიმდა, შემდეგი კითხვაა, რამდენი გამოიძიესო? - ნული საქმე. ეს ძალიან უცნაური სტატისტიკაა, მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლებიან. საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირებს გამოძიებისგან იცავდა, ამ „ქეისებს“ აკავებდა და ჯაჭვს აღარ აგრძელებდა. ახალი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ამბობს, რომ დამოუკიდებელია და კორუფციას უნდა მივხედოო, საინტერესოა, რას გააკეთებს, ეს იქნება კარგი ინდიკატორი - გაუშვებს თუ არა საქმეებს პროკურატურაში.
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. რა ეტაპზეა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა?
- მოგეხსენებათ, კანონპროექტის ინიცირების უფლება არ გვაქვს, ეს პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გააკეთოს, ჩვენ საკანონმდებლო წინადადება წარვადგინეთ. ბოლო მონაცემებით, იურიდიულმა კომიტეტმა განხილვა ერთი თვით გადაავადა, შეიძლება კიდევ გადაავადონ და ასე გაგრძელდეს უსასრულოდ. თუ კომიტეტმა განხილვისას მხარი არ დაუჭირა, ეს ამბავი გაჩერდება.
- აქვე გკითხავთ კიდევ ერთ აქტუალურ თემაზე - ტენდერებზეც. თქვენი ორგანიზაცია, ამ საკითხზეც აქტიურად მუშაობს. რა უარყოფით ტენდენციებს ხედავთ, როცა საქმე ტენდერებსა და სახელმწიფო შესყიდვებს ეხება?
- შესყიდვებზე კარგი ღია სისტემაა და წვდომა გვაქვს, შესაბამისად, ამაზე დაკვირვება მარტივია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ღიაა, აუქციონები ელექტრონული და ა.შ. სამწუხაროდ, მაინც არის შავი „ხვრელები“ და მაინც ახერხებენ კონკრეტული პირები იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან კონტრაქტები კორუფციული გზებით მიიღონ და ეს სხვადასხვა მეთოდებით ხდება. მაგალითად, მუნიციპალურ დონეზე ძირითადად, მერიის, მათი მოადგილეების, ან სხვა თანამდებობის პირების, ან მათი ნათესავების კომპანიები იღებენ კონტრაქტებს, ან ვთქვათ, წარსულში თანამდებობის პირი იყო, რომელიც კერძო სექტორში წავიდა და მისმა კომპანიამ მიიღო კონტრაქტი, რასაც „მბრუნავი კარი“ ჰქვია. მუნიციპალურ დონეზე ამას ფაქტობრივად, მასობრივი ხასიათი აქვს, რომელ მუნიციპალიტეტშიც არ უნდა ჩახვიდეთ, მსგავსი შემთხვევები ყველგანაა. ცენტრალურ დონეზე სხვა პრობლემაა, წინასწარ, სისტემის მიღმა დგება შეთანხმება, თუ ვინ უნდა მიიღოს კონტრაქტი. გვაქვს შემთხვევები, როცა კონტრაქტი წესით მომგებიანია, დიდი კონკურენცია უნდა იყოს და არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ყველა, თუმცა, ერთი, ან ორი პირი იღებს მონაწილეობას. ამის აღმოჩენა და ამის პრევენცია ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ძალიან კარგია, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ გვერდის ავლის მეთოდები ისწავლეს იმ პირებმა, რომლებიც კორუფციაში არიან ჩართულები.
- რა მასშტაბის კორუფციაზე შეიძლება იყოს საუბარი - ეს არის ელიტური კორუფცია, თუ შედარებით ქვედა რგოლებს ეხება ეს?
- კორუფციის სერიოზული რისკებია. ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, ამ მხრივ, ასე თუ ისე, პრობლემა მოგვარებულია. მექრთამეობა დაბალ დონეზეა, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მისაღებად მოქალაქეს ქრთამის გადახდა არ სჭირდება, რაც ადრე იყო. ეს დიდი მიღწევაა, ეს რომ ნარჩუნდება, კარგი ამბავია. მთავრობის განცხადებებს რომ გადახედოთ, ხშირად ამბობენ, რომ ამ და ამ ინდექსში კარგი ქულა გვაქვს, წინ ვართო, რაც მართლაც ასეა, გლობალურ დონეზე ასე ჩანს, იმის გამო, რომ სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში კორუფცია აღმოფხვრილია. თუმცა, ეს ინდექსები არ ზომავს უფრო კომპლექსურ კორუფციას, სხვადასხვა ტერმინებია - მაგალითად „ელიტური კორუფცია“, ჩვენ მაღალი დონის კორუფციას ვეძახით. ასეთი პრობლემის გაზომვა ციფრებით უფრო რთულია, ამიტომ ინდექსებში ნაკლებად ჩანს ხოლმე, ჩვენ საქართველოში ელიტური კორუფციის პრობლემა გვაქვს. კონტრაქტები, ლიცენზიები თუ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები, როცა მიიღება, კორუფციული რისკი და ფაქტორებია მუდმივად, ამის მაგალითებს სულ ვპოულობთ და მექანიზმი, ეს რომ შეაჩეროს, არ არსებობს. მაგალითად, ყოველ ორშაბათს, მთავრობა იკრიბება, რომლის დღის წესრიგიც რომ ნახოთ, 3-4 პუნქტი სულ არის, სადაც წერია, რომ კონკრეტულ კომპანიას პირდაპირი წესით ქონებას აძლევენ და განკარგულებებს არ აქვეყნებენ, სადაც ეწერება საიდენტიფიკაციო კოდი და ის, თუ რა ქონებას აძლევენ. იმას არავინ ამბობს, რომ პრივატიზაცია არ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ღია და საჯარო, მხოლოდ კომპანიის სახელს წერენ, განკარგულებებს კი, უკვე 3 წელია, არ აქვეყნებენ. თუ კომპანიას უნიკალური სახელი აქვს და ბევრ კომპანიას არ ჰქვია ის სახელი, დეტალებს მაინც ვიგებთ. ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპანიები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან, ან მისი დირექტორი, მეწილეები დაკავშირებული არიან სხვადასხვა გზით ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ეს არის ელიტური კორუფცია, როცა სხვადასხვა ტიპის კავშირი განსაზღვრავს, ვისთან მიდის ფული, სახელმწიფო ქონება და არა ის, რა არის ეკონომიკისთვის, ქვეყნისთვის კარგი, ეს გვერდზე გადადის და პირადი კავშირები გადმოდის პირველ პლანზე, კორუფციის განმარტებაც სწორედ ეს არის. ეს პრობლემა ქვეყანაში გვაქვს.
- მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემდეგ, რა ხდება, მოჰყოლია თუ არა, ოდესმე რეაგირება?
- სამწუხაროდ, არაფერი ხდება. რამდენიმე წლის წინ, „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე“ დავიწყეთ ერთგვარი სიის, კატალოგის მსგავსის გაკეთება. დღეის მდგომარეობით 151 შემთხვევა გვაქვს გამოძიებული, რომელშიც მაღალი რანგის 162 თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 13 მოსამართლე, პარლამენტის 28 წევრი, მთავრობის 28 წევრი, ან მისი მოადგილე და მუნიციპალური დონის 54 თანამდებობის პირი. აქედან ნახევარი, დღესაც მოქმედია, ნაწილი წინა წლებში იყო. ამ შემთხვევებზე მუდმივად ვაგზავნით პროკურატურაში, სუს-ში, აუდიტის სამსახურში წერილებს. როგორც წესი, მათგან არაფერი ხდება, ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს რეაგირება. პროკურატურა არც კი გვეუბნება, გამოძიება დაიწყო თუ არა. ვთქვათ, რომელიმე ჟურნალისტურ გამოძიებას არ ვენდობით, უამრავი წყაროა, 151 სკანდალური შემთხვევაა, ვთქვათ, 20 მაინც რეალურია, გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო? ეს საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, ფორმალური, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, ან რეალურად, ისინი პოლიტიკურად დამორჩილებული არიან და ვერ, არ ასრულებენ მათ ფუნქციას, პროკურატურა თავის საქმეს არ, ვერ აკეთებს, რადგან ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა რეკომენდაციას გასცემს თქვენი ორგანიზაცია?
- ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაღაც უეცრად შეიცვლება, გამოძიებები დაიწყება, ადამიანები პოლიტიკურ პასუხისმგებლობებს აიღებენ და გადადგებიან, ამ ეტაპს უკვე გავცდით. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი კარგი ლუსტრაციაა. 2015 წელს, კორუფციაში მისი ნათესავების დასაქმების და სხვა ტიპის საქმეების გამო ამხილეს, რაც სხვათა შორის, დღემდე არ გამოძიებულა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა იქ, მაგრამ თავად მმართველი გუნდიდან იყო დადასტურება, რომ ეს ადამიანი კორუმპირებული იყო და ამიტომ გავუშვითო, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ეს პირდაპირ. ეს ადამიანი დაბრუნდა და კიდევ სხვა მრავალი მაგალითი დაგროვდა. მაგალითად, ბოლო შემთხვევა, რაც თვითმფრინავით მის გამგზავრებას ეხება, ეს ცალსახად პრობლემაა, უკვე გავცდით იმ ეტაპს, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს. დაუსჯელობის სინდრომმა იქამდე მიგვიყვანა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არავინ იღებს. ამ სიტუაციაში, გამოძიება რომ დაიწყება, ამის ილუზია არავის აქვს.
იმის გამო, რომ ოფიციალური ინსტიტუციები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, ეს ფუნქცია შეძლებისდაგვარად, საზოგადოებამ და მათმა ჯგუფებმა უნდა შეითავსონ, რომ ეს ყველაფერი არ ნორმალიზირდეს.
ეკა ლემონჯავა
„ინტერპრესნიუსი“