ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე - არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ შეუძლებელია, ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე

ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული [დეოლიგარქიზაციის] სამოქმედო გეგმის საფუძველზე - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, პირველადი პროექტი მომზადებულია და ბოლო ეტაპზეა განხილვები. მის საფუძველზე საბოლოო სახით დამტკიცდება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. რა თქმა უნდა, პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას, დღეს ოლიგარქები არიან პოლიტიკაში და ალბათ გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე.

რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ანუ იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია, მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, თუ მათ არ მოსწონთ ეს ცვლილებები, საქმე ექნებათ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება სისტემური მიდგომის მიხედვით და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ არ უნდა გავყოლოდით პერსონალიზებულ მიდგომას, შემდეგ ეს გაიზიარა ევროკომისიამ და სწორედ ამის გამო ჩვენ აღარ მივიღეთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომას და შემოგვთავაზეს, სისტემური მიდგომით წავსულიყავით წინ. ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ა.შ. ეს არის ე.წ. სისტემური მიდგომა, რომელიც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ კი ევროკომისიამ. ზუსტად ამ სისტემური მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის