თეონა აქუბარდიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა სთხოვა, რაც კომიტეტმა, პროცედურებისა და წინასწარი კონსულტაციების საჭიროების არგუმენტით, არ გაითვალისწინა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა მოითხოვა, რაც კომიტეტმა, პროცედურებისა და წინასწარი კონსულტაციების საჭიროების არგუმენტით, არ გაითვალისწინა.

სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთაშვილის გატაცების ფაქტზე 21 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს 13 ნოემბრის სხდომაზე წარედგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით კი, განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. რეზოლუციის პროექტი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებასა და აღნიშნულ სიაში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანას ითვალისწინებს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, გინტურის მკვლელობის თაობაზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია ისე მიიღო, რომ საქართველოს პარლამენტს არაფერი მოუმოქმედებია.

„გუშინ ევროპარლამენტში განიხილეს რეზოლუცია, რომელიც თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ეხება. რეზოლუციით საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო, რადგან საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მაგვარი ევროპული სიის შექმნაზე, რითაც საოკუპაციო რეჟიმის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელთაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად დაარღვიეს, სანქცია უნდა დაუწესდეს.

რამდენადაც ბიურომ რეზოლუციის პროექტის განუხილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა, მოგმართავთ თხოვნით, რომ საკითხი განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში მოხვდეს. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, რომ პარლამენტი - თქვენი პოლიტიკური გუნდი - უარს ამბობს რეზოლუციის პროექტის განხილვაზე. პოლარიზაციის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, გვევალება თანხმობა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.

გთხოვთ, საკითხი დღის წესრიგში ჩავსვათ. თუ საკითხის განხილვა არ ხდება, გთხოვთ განგვიმარტოთ, რატომ არის პრობლემა რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას არ ითხოვს - ითხოვს, ჩვენი მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას, მით უფრო, როცა მთავრობის დადგენილებით საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეების სია არსებობს და საუბარია იმაზე, რომ პარლამენტმა მთავრობას აღნიშნული სიის გაფართოებისკენ მოუწოდოს.

როდესაც უფლებებზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება თუ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ვნახავთ. რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს საოკუპაციო რეჟიმის შიში - მთავრობის მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფენ“, - მიმართა აქუბარდიამ კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს.

პასუხად სარჯველაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციამ ისე დააინიცირა, რომ მასთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაცია არავისთან ჰქონიათ. სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ საკითხი მნიშვნელოვანია, რეზოლუცია განხილული იქნება, რასაც თავისი პროცედურა აქვს.

„საკითხი დღის წესრიგისთვის დამატებას თავისი ფორმალური პროცედურა აქვს. არასწორია მანიპულაციური განცხადებები, რომ ვინმე განხილვაზე უარს ამბობს - ამის თქმის არც საფუძველი გაქვთ და არც უფლება. რატომ არ არის პროექტი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში? - თქვენ თვითონაც იცით, რომ ეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განსახილველი საკითხი არის ფორმალურად, მაგრამ მასში ჩართული უნდა იყოს მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები. საკითხი ასევე სხვა კომიტეტების კომპეტენციას ეხება - იცით, რომ განხილვას სჭირდება კონსულტაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან, თავდაცვის კომიტეტთან. არაერთი კომიტეტია რელევანტური, რომელთანაც საკითხი გასავლელია“, - განმარტა სარჯველაძემ აქუბარდიას პასუხად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს