რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა, რითაც, მათი თქმით, საჯარო და კერძო სკოლებს მეტი ავტონომიურობა მიანიჭა. ცვლილებები სწავლა/სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, თუმცა საზოგადოების დიდი ინტერესი და უკმაყოფილება მაინც იმ ნაწილს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა. რას გულისხმობს ეს ცვლილება, როგორ შეუძლიათ სკოლებს შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში, როგორ მიდის სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა საჯარო სკოლებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე, უახლოეს პერიოდში, კონკურსის გამოცხადება, ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, თამარ მახარაშვილს ესაუბრა:

- ქალბატონო თამარ, რამდენიმე დღის წინ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მათ შორის მოსწავლეების შეფასების ნაწილში, ცვლილებები შევიდა, რომელმაც საზოგადოების ერთი ნაწილი დააბნია და აფიქრებინა, რომ სკოლებში განმსაზღვრელი შეფასების სისტემის სამივე კომპონენტი (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) გაუქმდა, თუმცა ეს ასე არ არის. პირიქით, ცვლილების მიხედვით, სკოლა თავად გადაწყვეტს რა ფორმით შეაფასოს მოსწავლეების ცოდნა. მეტი სიცხადისთვის, რატომ ახლა და უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს ცვლილება?

- განმსაზღვრელი ანუ ე.წ. ნიშნიანი შეფასება, ვიცით, რომ მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან შემოდის. ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ განმსაზღვრელი ანუ ე.წ. ნიშნიანი შეფასება, რა თქმა უნდა, რჩება ძალაში. განმსაზღვრელი, ნიშნიანი შეფასების აქამდე არსებულ რედაქციაში ეწერა სავალდებულო კომპონენტები, ის შედგება: საკლასო დავალებისგან, საშინაო დავალებისგან და შემაჯამებლისგან. შემაჯამებლის ნაწილში განსაზღვრულიც კი იყო, როგორ და რამდენი შემაჯამებელი იყო საჭირო. შესული ცვლილების მიხედვით, არავის არათუ არაფერი გაუუქმებია, არამედ, მეტი შესაძლებლობა მიეცა სკოლას. სკოლას შეუძლია ეს სამი კომპონენტი: საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი ძალაში დატოვოს, თუ მას ასე მიიჩნევს, ხოლო კონკრეტული საგნის მიმართულებით განსხვავებული შეფასება, კომპონენტი შემოიტანოს. მაგალითად: შესაძლოა, სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგანსა ან ჰუმანიტარულ საგანში მასწავლებელმა მიიჩნიოს, რომ სჭირდება საკლასო დავალებაც, საშინაო დავალებაც, შემაჯამებელიც და პროექტული დავალებაც სჭირდება, დიაგნოსტიკური, სხვადასხვა მიმართულებით. მას ამაში თავისუფლება ეძლევა. რა თქმა უნდა, ეს კომპონენტები, საბოლოო ჯამში, 10-ბალიან სისტემაში უნდა დაკონვერტირდეს. ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო შემდეგი: მასწავლებლებისგან ძალიან ხშირად იყო უკუკავშირი - „ნუ, გვკარნახობთ, მაინცდამაინც, საშინაო, საკლასო თუ რამდენი შემაჯამებლით უნდა გავიდე მე საბოლოო შედეგზეო. არის ისეთი, სადაც მინდა კომპონენტების ლავირება ან კომპონენტების ცვლილება და ამას ასე ნუ გვკარნახობთო“. ჩვენ აქ მათ ვაძლევთ თავისუფლებას, თუმცა უნდა დაადასტუროს, რომ ამით გავა კონკრეტულ შედეგზე. თავისუფლება მიეცემათ მათ, თავად განსაზღვრონ საბოლოო შედეგზე როგორ გავლენ, საშინაო დავალების, საკლასო დავალებისა და შემაჯამებლის კომპონენტით თუ აქედან ორს დატოვებს და მესამეს ახალ შემოიტანს, თუ კიდევ რაღაცას დაამატებს. განმსაზღვრელი, ე.წ. ნიშნიანი შეფასება არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, შეფასების გზებსა და საშუალებებშია თავისუფლება - ან იმავეს გამოიყენებს სკოლა, რომელიც აქამდეც ჰქონდათ, ან ექნებათ აქ თავისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, სასწავლო-სასკოლო გეგმაში ეს უნდა აისახოს. თუკი სკოლა გადაწყვეტს, რომ კონკრეტული საგნების მიხედვით ახლა სჭირდება მას რაიმე ასახოს, კომპონენტი დაამატოს ან ჩაანაცვლოს, აქ, რა თქმა უნდა, მას ამის საშუალება ექნება, მაგრამ ამ ყველაფერს სასკოლო საზოგადოება აკეთებს. მათ ამისთვის დროც აქვთ, დასხდნენ, გაიარონ, კონკრეტულ შედეგზე როგორ გავიდა კონკრეტული საგნის პედაგოგი, ხომ არ ჯობდა პროექტული დავალება ჩაერთო, დიაგნოსტიკის სხვა ფორმები გამოეყენებინა... ამ თავისუფლებაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ, არათუ განმსაზღვრელი შეფასება არ გაუქმებულა, არამედ ის კომპონენტებიც კი, რომელიც აქამდე იყო, სკოლებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ.

- სკოლის ავტონომიურობისა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების გაცხადებული მიზნის მიუხედავად, სკოლის მიერ მოსწავლის ავტონომიური, უნიკალური შეფასების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში რა ფორმით იქნება სამინისტრო ჩართული? თუნდაც რჩევის სახით, ხომ არ იქნება შემუშავებული რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, რომელთაგანაც სკოლას მისთვის სასურველის არჩევა ან ნაწილობრივ გაზიარება შეეძლება?

სამინისტრომ გადაწყვიტა, სკოლამ მასთან კი არ შეათანხმოს შეფასების სისტემა, არამედ ავტონომიურობის ფარგლებში, თავად გადაწყვიტოს, რა კომპონენტებს გამოიყენებს ქულა რომ დაწეროს და შეფასება მიიღოს, მაგრამ თუ ამ მოდელში მას დასჭირდება, დაინახავს, რაღაც სხვა მეთოდები უნდა რომ გამოიყენოს, მთლად ამით კმაყოფილი არ არის, სამინისტრო როგორც სერვისის მიმწოდებელი, მხარდამჭერი, ამხსნელი, დამკვალიანებელი, რა თქმა უნდა, რჩება და არა შემთანხმებელი.

- ანუ შეფასების კომპონენტის მონახაზი, პედაგოგებს რა საგანში როგორ შეუძლიათ შეფასების სისტემის გამრავალფეროვნება, სამინისტროს მხრიდან მათ ექნებათ თუ აბსოლუტურად თავისუფლები იქნებიან ფანტაზიასა და არჩევანში?

- როცა ჩვენ სკოლის ავტონომიურობაზე ვაკეთებთ აქცენტს, ეს გადაწყვეტილება სწორედ აქეთკენ არის მიმართული - ამ ნაწილში, ჩვენ არაფერს აღარ შევუთანხმებთ. თუმცა, ვაპირებთ, დარგობრივი მიმართულებით მხარდაჭერასაც ანუ სპეციფიკებზე როცა ვსაუბრობთ, რა შეიძლება გამოყენებული იყოს, მე ვთქვი, ჩემი ვერსიები, მაგრამ ეს უფრო დარგობრივი ექსპერტების მიმართულებაა.

- როდემდეა ბოლო ვადა, როცა სკოლებმა უნდა გადაწყვიტონ, რა შეფასების სისტემას დანერგავენ სკოლაში მოსწავლის ცოდნის შესამოწმებლად?

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა არ გეუბნებათ, რომ საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალება აღარ უნდა გქონდეთ. რა არის უკეთესი და რით შეიძლება [შეფასების კომპონენტების] ჩანაცვლება, ამაზე უკვე ჩვენგან ექნებათ მხარდაჭერა. რაც შეეხება დროს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ [ამ ცვლილების გაზიარება]. ცვლილების არსი არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე რაღაც უნდა შეცვალონ. ცვლილების არსი არის მეტი შესაძლებლობის მიცემა, მეტი თავისუფლება და არა ის, რომ არსებული, რაც აქამდე იყო არ შეიძლება რომ გამოიყენონ.

- დღეისათვის, დაწყებითი კლასის საფეხურზე არის განმავითარებელი შეფასების სისტემა. არ იწერება ნიშნები და მოსწავლე კლასიდან კლასში გადასასვლელად ქულებით არ ფასდება. რამდენად გამართლა დაწყებით საფეხურზე განმავითარებელი შეფასების სისტემამ და ხომ არ ფიქრობთ, ამ შეფასებების სისტემის გადახედვასაც, ცვლილებას?

- განმავითარებელი შეფასებების მოდელი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში ძალიან სერიოზულად მუშაობს. კითხვაზე პასუხს, რამდენად გაამართლა, სჭირდება შესაბამისი კვლევა. სამი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ძალიან მალე დაიდება, მაგრამ განმავითარებელი და განმსაზღვრელი მოდელები სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის შეფასებაში, მის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ეს აპრობირებული მოდელებია შემოტანილი სკოლაში. შინაარსობრივი კვლევა თუ როგორ იმუშავა, რა ეფექტი დატოვა, სჯობს განვითარდეს, როგორ წავიდეთ წინ და ა.შ. ამაზე გვექნება კვლევის პასუხები.

- და მაინც, ხომ არ ფიქრობთ დაწყებით საფეხურზეც შეფასებების სისტემის გადახედვას ან/და ცვლილებას?

- განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით, წინმსწრებით, ვერაფერს გეტყვით, რას და როგორ ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ასეთი განზრახვა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, ამ ცვლილების მთავარი არსი იყო შემდეგი - განმსაზღვრელ ნიშნიანი შეფასება რჩება, კომპონენტები კი, რომელიც აქამდე იყო, ყველასთვის სავალდებულო არ არის. თუკი კონკრეტული სკოლა, კონკრეტულ საგანში მიიჩნევს, რომ შეუძლია შესაბამის კათედრებთან კომუნიკაციით გაიაროს ეს თემა, კომპონენტი ან ჩაანაცვლოს, ან დამამატოს ან იგივე დატოვოს, ამ გზაზე განათლების და მეცნიერების სამინისტრო მათ მარტო არ დატოვებს. ჩვენგან იქნება არამხოლოდ ზოგადი კონსულტირება, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, დარგობრივიც.

- რამდენად კარგად იმუშავა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამგვარმა ცვლილებამ და რა შედეგზე გავიდნენ სკოლები, სამინისტრო მათ შემოწმებას აპირებს?

- ერთი რამ არის თვალსაჩინო - პირველად სახელმწიფომ საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. ეს არის პროცესი, რომელიც არასდროს ყოფილა, მისი განხორციელება სულ იდებოდა. ახლა ავტორიზაციის პროცესი, მათ შორის, შემდეგ თემებზე აქცენტსაც ნიშნავს: 4 დიდი სტანდარტით მოწმდება სკოლა. ეს არის გარე ხარისხის შეფასების ნაწილი. როცა ვსაუბრობთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაზე, თავისუფლების მიცემაზე, არა გაუქმებაზე, არამედ მეტი თავისუფლების მიცემაზე, ოღონდ ეს უნდა დაადასტუროს, თუ რომელი მიდგომებით გავა შედეგზე, ამას უკვე გარე ხარისხის უზრუნველმყოფი ავტორიზაცია უყურებს გარედან, თუ როგორ აქვს შიდა პროცესი აწყობილი და როგორ გადის შესაბამის შედეგზე. ეს გარე და შიდა ხარისხის კულტურის ჩამოყალიბება და აწყობა შეგნებულად არის გაკეთებული, რომ არ დარჩეს სკოლა მარტო. მაგრამ ის იყოს ავტონომიური, სადაც უნდა იყოს ავტონომიური და სახელმწიფომ, გარე ხარისხის შემფასებელმა იცოდეს რას აკეთებს, სად არის მისი მოქმედებების არეალი, სად ჩერდება და საიდან იწყება სკოლის ავტონომია.

- რადგან ავტორიზაციაზე გადავედით, ეს პროცესი დაწყებულია, სკოლების ნაწილმა უკვე გაიარა ავტორიზაცია, მიმდინარე პროცესია... მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, რამდენმა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია და თუ არის სკოლები, რომლებსაც ავტორიზაციის პროცესში ხარვეზები დაუდგინდათ და გადაწყვეტილება მიღებული არაა?

- დღეს სისტემაში 2086 საჯარო სკოლა გვაქვს. ჩვენ ავტორიზაცია დავიწყეთ და 2026-2027 სასწავლო წლამდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის პროცესი, თუმცა, ასევე, ინიცირებული გვაქვს ცვლილება, რომ 2030 წლამდე გახანგრძლივდეს, იმიტომ, რომ სკოლების რაოდენობიდან გამომდინარე კიდევ უფრო ხარისხიანი იყოს პროცესი. 214 საჯარო სკოლაა ახლა, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა, თუმცა, მიმდინარე წელს, განათლების ხარისხი განვითარების ეროვნულ ცენტრში, დაახლოებით 300-ზე მეტ სკოლას აქვს განაცხადი შეტანილი. ავტორიზაციის მთელი არსი არის შემდეგი: სკოლა ნაწილობრივ აკმაყოფილებს, მეტწილად აკმაყოფილებს თუ სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. პროცესს ლაიტმოტივად „სახელმწიფოს მიდგომა“ გასდევს. ავტორიზაციის გადაწყვეტილებებში შეგვიძლია ვნახოთ, რომ არის რიგი საკითხები, რომელსაც სკოლა ვერ აკმაყოფილებს, ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს, ან ჩაშლილია საკითხები, რომელსაც სკოლა ვერ მოერევა, ვერ გადაწყვეტს. მაგალითად: ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის სეგმენტში სახელმწიფო ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას. კონკრეტულ სკოლაზე მივიღეთ დასკვნის პროექტი, მიიღო მან ავტორიზაცია, მაგრამ არის დათქმები, ეს არის მოსაწესრიგებელი და ამდენ ხანში. შემდეგ უკვე სისტემა უყურებს სად რა უნდა გააკეთოს და რა ვადაში. გაზიარებულია პასუხისმგებლობა სისტემის მიერ. სისტემა გადადის მხარდამჭერ მექანიზმებზე.

- იმ სკოლებიდან, რომლებმაც ცენტრს ავტორიზაციის გავლის სურვილით მიმართეს, თუ არიან ისეთებიც, რომლებმაც ეს პროცესი ვერ გადალახეს?

- წინასწარ, ყველა სკოლაში ე.წ. დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა. ამის მიხედვით, სკოლები, რომლებიც ავტორიზაციისთვის იყვნენ მზად, წარმოადგინეს განაცხადები. ზოგმა მუშაობის პროცესში ნახა, რომ რაღაცები ჰქონდა გამოსასწორებელი. ასეთი სკოლების ჩამონათვალიც გვაქვს, რომლებსაც სჭირდებათ კონკრეტული დახმარება, თუნდაც სახელმწიფოსგან, რომ ის სტანდარტები დააკმაყოფილონ. უარი ვის ეთქვა და როგორ, საკითხი ასე არაა. 2022 წელს ჩატარებულმა თვითშეფასებამ 2086 -ივე სკოლის სურათი დაგვანახა. ვიცით ვინ მოითხოვს ავტორიზაციას, 2024, 2025, 2026 წელს. ჩვენ არამხოლოდ ის ვიცით, ვინც გამოვიდნენ, მათ რაში უნდა დავეხმაროთ, წინმსწრებით ვიცით სკოლებს რა უნდა გავუკეთოთ იმისთვის, რომ მათ ავტორიზაციის სტანდარტი დააკმაყოფილონ. ჩვენი თვითმიზანი ხომ არაა რაღაც დააკმაყოფილონ, ეს ნიშნავს რომ ჯანმრთელი, ჯანსაღი, უსაფრთხო, შინაარსიანი გარემო იყოს სკოლაში.

- სკოლის დირექტორების კონკურსზეც მინდა გკითხოთ. ძალიან ბევრ სკოლაში დირექტორის თანამდებობა კვლავაც ვაკანტურია. პროცესის მიმართ იყო უკმაყოფილებაც... რამდენ სკოლაშია დღეს ისევ ვაკანტური დირექტორის თანამდებობა და რას გეგმავს სამინისტრო ამ მიმართულებით?

- სტატისტიკას თუ ვნახავთ, ვნახავთ, რომ რეალურად, აპლიკანტების 70-80%-ს ერთი სკოლა ჰქონდა მხოლოდ შემოხაზული, ანუ არჩევანი მხოლოდ ერთ სკოლაზე ჰქონდათ გაკეთებული, შეეძლოთ მეტი შემოეხაზათ, მაგრამ ასე გადაწყვიტეს. სტატისტიკას თუ გამოითხოვთ, ნახავთ, რომ 1400 აპლიკანტიდან 1100-ზე მეტს ჰქონდა ერთი სკოლაზე არჩევანი გაკეთებული, შემდეგ კი აპელირებდნენ ვიღაცას ვიღაც მოსწონს, ძალით დაბლოკეს პოლიტიკური ნიშნით და ა.შ. ასე ადვილია საუბარი, რეალობა კი სხვა იყო. ახლა გამიჭირდება თქმა რამდენ სკოლაშია ისევ ვაკანტური ეს თანამდებობა, მაგრამ რამდენ სკოლაშიც წარვადგინეთ 90%-ზე მეტში სამეურვეო საბჭომ აირჩია. პროცესი იყო შემდეგი: აპლიკანტებს, გასაუბრების ეტაპზე, უნდა წარმოედგინათ რამდენი სკოლაც ჰქონდათ შემოხაზული, ყველა სკოლის ხედვა, რა პრობლემები აქვთ. ამ ხედვას უსმენდნენ კომისიის წევრები, რომლებსაც ჰქონდათ ვალდებულება ეს ინფორმაცია წინასწარ ჰქონოდათ მოძიებული. სკოლასაც ჰქონდა ვალდებულება აპლიკანტისთვის ეს ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, მიეწოდებინა ანუ აქ მხოლოდ სერტიფიცირება არ იყო აუცილებელი, გასაუბრების ეტაპზეც უნდა წარმოეჩინათ თავი. ჩვენ ვეძებთ და გვინდა პროცესში ჩართული სკოლის ლიდერი.

- არ მიპასუხეთ, ანუ სამინისტრო კვლავ გეგმავს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებას?

- რა თქმა უნდა, სადაც ვაკანსიები დაგვრჩა, იქ კონკურსი გამოცხადდება. როდის გამოცხადდება და როგორ, დავლაგდებით. მინისტრს სადაც შეუძლია დისკრეციით ისარგებლოს, ეს მისი გადასაწყვეტია. გავდივართ ამ თემას. ყველა შემთხვევაში, ვიცი რომ ასე ღიად ამ საკითხს დიდი ხანი არ დავტოვებთ. რადგან მიზანი სკოლაში კვალიფიციური კადრების შესვლაა, იქ, სადაც ეს არ გამოგვივიდა, რა თქმა უნდა, ამ გზას გავაგრძელებთ.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას