სახალხო დამცველი „კაბუსთვის“ გირაოს შეფარდებაზე - შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვით, სასამართლო გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს - ზოგადად, ქალის მიმართ ძალადობა დასჯილი უნდა იყოს

შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვით, სასამართლო გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის („კაბუ“) 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც იოსელიანი განმარტავს, მისი კომპეტენცია არ არის, ბრალდების საკითხზე იმსჯელოს.

„ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში გირაოს გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იყო. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის ბრალდების საკითხზე ვიმსჯელო და მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, რადგან ვიცი, რომ ამას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, ხომ არ აქვს შერჩევით სამართალს ადგილი, სახალხო დამცველი პასუხობს, რომ „შერჩევით სამართალზე ვერაფერს ვიტყვი”.

„სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ არ გვაქვს წვდომა მტკიცებულებებზე, ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, შემიძლია შევაფასო, რომ ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

ის პენიტენციურ დაწესებულებას სავარაუდოდ, რამდენიმე საათში, გირაოს თანხის სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს.

საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება