პრემიერი - ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე

სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ძირითადი პოლიტიკის მიმართულებები ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონალური ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შუა დერეფანზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები.

„იმ პირობებში, როდესაც ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორისაა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას ისახავს მიზნად.

ძვირფასო მეგობრებო, მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩემი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას.

ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება