პარლამენტი „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ, დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც „ქართული ოცნება“ განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას "დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

„შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც თავის მხრივ, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას“, - აცხადებენ “ქართულ ოცნებაში“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება