1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 23 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

6 დეკემბერს 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ამოცნობილი ნეშტი ოჯახებს გადაეცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ. ამასთან, განმარტავენ, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წარმომადგენლები და ICRC-ის ექსპერტები.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო ოჯახების მიმართ. დღეს, გაურკვევლობის ათწლეულების შემდეგ მათ გადაეცათ ახლობელი ადამიანების ნეშტები. ეს ამ ოჯახებისთვის განსაკუთრებული დღეა.

დღეს ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ იმ ოჯახებზე, რომელთა ახლობლები კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან და იტანჯებიან გაურკვევლობით მათი ხვედრის არცოდნის გამო. ამ ადამიანების ეფექტური მხარდაჭერისათვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა ინსტიტუციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

წელს საქართველოს ხელისუფლებამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩართულობა ოჯახების მხარდაჭერის, ხსოვნისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში. გარდამავალი პროცესი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების, სასამართლო-სამედიცინო საქმიანობისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით, 2024 წელსაც გაგრძელდება. უმნიშვნელოვანესია თავად ამ ოჯახების ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში, რათა მათი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული და ისინი ინფორმირებულები იყვნენ სამომავლო გადაწყვეტილებების შესახებ“ ,- აღნიშნა ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ან მონტავონმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წელს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი, რომლებიც გადაეცა ოჯახებს. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული.

2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ სულ მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. დღეისათვის, 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება დაკარგულად 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო