გიორგი ბადრიძე - კობახიძის ოპტიმიზმი არარეალისტური მგონია - თუ უნგრეთი დაბლოკავს მოლაპარაკების დაწყებას უკრაინასთან, სტატუსი რომც მივიღოთ, არანაირი შანსი არ გვექნება ევროკავშირთან რეალური დაახლოების, სტატუსი დარჩება ფარატინა ქაღალდად

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის, გიორგი ბადრიძის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს ევაჭრება იმ დაბლოკილი მილიარდების გამო, რომელსაც არ იღებს ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ამის შესახებ ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა.

„არ მგონია, ვიქტორ ორბანი გულწრფელი კონსერვატორი იყოს. 90-იან წლებში ბუდაპეშტში ვსწავლობდი და ვიქტორ ორბანს ვიცნობდი, ოღონდ ვიცნობდი ლიბერალ-პროევროპულ ახალგაზრდა პოლიტიკოსს. ამ ასაკში უცებ ღრმა მორწმუნე კონსერვატორად გარდაიქმნა. ტყუილია ეს, უბრალოდ პოპულიზმია, ძალაუფლებაზე მობღაუჭების წარმატებული გამოცდილება და სამწუხაროა, რომ ეს მას პირდაპირ აკავშირებს რუსეთის ინტერესებთან.

ამ კონკრეტულ ეტაპზე ორბანი ევაჭრება ევროკავშირს იმ დაბლოკილი მილიარდების გამო, რომელსაც არ იღებს ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო“,- განაცხადა ბადრიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ორბანი რუსეთიდან იღებდეს დავალებებს, ბადრიძე პასუხობს, რომ რუსეთთან „კოჭის გაგორება“ ფაქტია.

„ვნახეთ, რომ პუტინთან იყო ჩასული და ემეგობრება. პოპულისტური პოლიტიკით, ორბანმა უნგრეთი, რეალურად, დააშორა ევროკავშირის სტანდარტებს. კონკრეტულ საკითხებზეა საუბარი: როდესაც მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ასუსტებს, მაგალითად, ასუსტებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და სხვა არადემოკრატიულ გარემოს ქმნის. ეს ყველაფერი პრობლემაა ევროკავშირისთვის და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ. უნგრეთი, რომლის ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია იმ მილიარდობით ტრანშებზე, რომელსაც ის ევროკავშირიდან იღებს, შეჩერდა. დღეს ორბანი ევროკავშირთან ეწევა ცინიკურ ვაჭრობას უკრაინის ბედით, იმისათვის, რომ თავისთვის უზრუნველყოს ფინანსური დახმარების მიღება ევროკავშირისგან“, - განაცხადა ბადრიძემ.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - „ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომელიც უკრაინის საკითხის გარშემო წარიმართება“ - ისაუბრა.

ბადრიძის შეფასებით, ევროკავშირმა გეოპოლიტიკისა და უკრაინელი ხალხის გმირობის გამო გადაწყვიტა, შანსი მიეცა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში.

ბადრიძის თქმით, არარეალისტურია კობახიძის ოპტიმიზმი.

„მოვისმინე კობახიძის განცხადება და მიკვირს, რომ თურმე არანაირი კავშირი ყოფილა უკრაინის საკითხსა და საქართველოს სტატუსს შორის. გეოპოლიტიკისა და უკრაინელი ხალხის გმირობის გამო გადაწყვიტა ევროკავშირმა, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით მიეცა შანსი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში.

მანამდე, ევროკავშირი არ ახსენებდა კანდიდატობის საკითხს, ეს მოხდა უკრაინის გამო და როგორ წარმოუდგენია კობახიძეს, რომ უკრაინასთან არანაირი კავშირი ექნება, როდესაც უკრაინას ბლოკავს ერთ-ერთი ქვეყანა. ცოტა არარეალისტური მგონია კობახიძის ოპტიმიზმი.

უკრაინასთან და მოლდოვასთან გათანაბრებას რა აზრი აქვს, თუკი მოლაპარაკების პერსპექტივა არ გვექნება? მაშინ ეს დაემსგავსება ბუქარესტის დაპირებას, რომელიც ნატო-სთან დაკავშირებით მოგვცეს, რომელიც ცარიელი დაპირება იყო. დღეს თუ უნგრეთი დაბლოკავს მოლაპარაკების დაწყებას უკრაინასთან, ეს ნიშნავს, რომ სტატუსი რომც მივიღოთ, არანაირი შანსი არ გვექნება ევროკავშირთან რეალური დაახლოების, რეალური წევრობის რამე პროგრესის“, - განაცხადა ბადრიძემ.

კითხვას, იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის საკითხი ჩავარდება, შესაძლებელია თუ არა საქართველოს საკითხიც ჩავარდეს, ბადრიძე პასუხობს:

„აუცილებელი არ არის, რომ ამის გამო ჩავარდეს და სტატუსზე უარი გვითხრან, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩავარდება ჩვენი შანსი, რომ ეს სტატუსი რამეში გამოვიყენოთ, დარჩება ფარატინა ქაღალდად“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო