„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში STEM ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლა დარეგისტრირდა

„საქართველოს ბანკი“, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

ბანკის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას, STEM მიმართულებით ცოდნის მიღებასა და მათ განვითარებას.

ინფორმაციის თანახმად, STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების სურვილი 200-მდე სკოლამ გამოთქვა. თითოეულმა კი ოლიმპიადაზე საასპარეზოდ 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარადგინა.

„ოლიმპიადაში მონაწილეობას VII-XI კლასის 1000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს და ისინი ერთმანეთს ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის საგნებში შეეჯიბრებიან.

ოლიმპიადის ფარგლებში ორი - თეორიული (19 იანვარს) და პრაქტიკული (მაისი) ტური გაიმართება.

იმისთვის, რომ გუნდები ოლიმპიადის თეორიული ტურისთვის კარგად მოემზადონ, მათ 19 იანვრამდე ექნებათ წვდომა საკითხებზე და, ამასთან, თითოეულ საგანში ჩაუტარდებათ 5 საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. პრაქტიკული ტურისთვის კი საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდის წევრები, მენტორებთან ერთად, სამთვიან კურსს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიკროკონტროლერის დაპროგრამებას შეისწავლიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ განმარტებით, პირველ ეტაპზე, მონაწილეებს ტესტი ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ჩაუტარდებათ. შედეგად, გუნდის წევრების მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებელი დაჯამდება და მათგან 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ასპარეზობას ფინალურ ტურში გააგრძელებენ.

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც STEM მიმართულებით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა STEM ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რეგიონის სკოლის მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გაიღრმაონ ცოდნა STEM მიმართულებით. გვახარებს ოლიმპიადის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი, რაც გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი „საქართველოს ბანკისგან“ სხვადასხვა პრიზით დასაჩუქრდებიან. პირველი ადგილის მფლობელები საგანმანათლებლო ვიზიტით შვეიცარიაში, ჟენევაში, CERN-ის კვლევით ცენტრში გაემგზავრებიან. ამასთან, მათი სკოლის შენობაში „საქართველოს ბანკის“ მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით გაიხსნება. მეორე-მესამე ადგილის მფლობელებს კი ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცემათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს