ირანის ხელისუფლება მაჰსა ამინის ოჯახს სახაროვის პრემიის მიღების უფლებას არ აძლევს

ირანის ხელისუფლება ირანელი ქურთი ქალის, მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს ირანის დატოვების და ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის მიღების საშუალებას არ აძლევს, რომელიც ევროპარლამენტმა ახალგაზრდა ქალს სიკვდილის შემდეგ გადასცა.

„ამინის მშობლებსა და ძმას არ მიეცათ საშუალება, ჩამსხდარიყვნენ თვითმფრინავში, რომელსაც ისინი სახაროვის პრემიის მისაღებად საფრანგეთში უნდა ჩაეყვანა“, - განაცხადა საფრანგეთში ოჯახის ადვოკატმა, შირინ არდაკანიმ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ვიზა ჰქონდა, ირანიდან გასვლა აეკრძალა და პასპორტები ჩამოართვეს. ახლა ჯილდოს ოჯახის სახელით მიიღებს ადვოკატი სალეჰ ნიკბახტი, რომელიც უკვე პარიზში იმყოფება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მოუწოდა თეირანს, „გააუქმოს გადაწყვეტილება მაჰსა ამინის დედის, მამისა და ძმის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ“. რობერტა მეცოლას თქმით, მათ მომავალ სამშაბათს ელოდნენ სტრასბურგში, სადაც სახაროვის პრემია უნდა გადაეცათ.

"სიმართლის დამალვა შეუძლებელია", - აღნიშნა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მაჰსა ამინი 2022 წლის 16 სექტემბერს მას შემდეგ დაიღუპა, რაც ე.წ. „მორალის“ პოლიციამ ჰიჯაბის არასათანადო ტარების ბრალდებით დააკავა. მაჰსა ამინის ოჯახის მტკიცებით, გოგონა პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა, რასაც თეირანის ხელისუფლება უარყოფს. ამინის სიკვდილმა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია ლოზუნგით "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!", რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს 550-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა, ხოლო შვიდი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება