შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბაქოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსხვილი ერთობლივი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების სტრატეგიულ როლს, ასევე, ე.წ. ვაჭრობის შუა კორიდორის გამართულ და აქტიურ ფუნქციონირებას. ასევე, აღნიშნეს ამ მიმართულებებით დაგეგმილი ახალი ინიციატივების მნიშვნელობა. ამავე კონტექსტში ისაუბრეს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო და მეგობრულ კავშირებზე.

შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში არსებული დრამატული თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭებისა და ქალაქ განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მემორიალური დაფის ინსტალაციისთვის.

მიმოიხილეს, აგრეთვე, პარლამენტების დადებითი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების საქმეში.

აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

ასევე, შალვა პაპუაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.

პარლამენტის ცნობით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს