თეა ახვლედიანი - მიმდინარე ოკუპაცია და მისი თანმდევი, ყველა გამოწვევის ერთობლიობა, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების რეალიზაციას

მიმდინარე ოკუპაცია და მისი თანმდევი, ყველა გამოწვევის ერთობლიობა, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების რეალიზაციას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თეა ახვლედიანის განცხადებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის დანიშნულება და მიზანია, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე შექმნას წინაპირობები და მოამზადოს სათანადო საფუძველი, ომით ხელოვნურად გაყოფილ ადამიანებს შორის ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად.

„ვფიქრობ თვალსაჩინოა, რომ მიმდინარე ოკუპაცია და მისი თანმდევი, ყველა ზემოაღნიშნული გამოწვევის ერთობლიობა, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების რეალიზაციას - შესაბამისად, ამ კუთხით გარდამტეხი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა არსებითად უკავშირდება დეოკუპაციის განზომილებით პროგრესის მიღწევას.

ამასთან, ოკუპაციის მძიმე შედეგების დაძლევა, არსობრივად, სცილდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შესაძლებლობებს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ძირითადი დანიშნულება და მიზანია, სტატუს-ნეიტრალური, ჰუმანიტარული ინსტრუმენტების და სამშვიდობო ინიციატივების გამოყენებით, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე შექმნას წინაპირობები და მოამზადოს სათანადო საფუძველი, ომით ხელოვნურად გაყოფილ ადამიანებს შორის ისტორიულად დამკვიდრებული - ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში.

შესაბამისად, აღნიშნული მიზანი ხორციელდება: ერთი მხრივ - საოკუპაციო ხაზებით და დეზინფორმაციით დაშორებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის სახალხო დიპლომატიის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესის საკითხების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით; მეორე მხრივ კი - სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სპეციალური მექანიზმების შექმნითა და განვითარებით, ასევე, იმ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სიკეთეების გაზიარებით, რაც ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება