ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს - ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია - ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისადმი მიწერილ წერილშია აღნიშნული.

ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დამატებით იმპულსს მისცემს.

„საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ.

ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან,“ - წერს ღარიბაშვილი მიშელს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება