ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ერთად დავამარცხეთ ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი, ომი და უბედურება, შევინარჩუნეთ მშვიდობა - უნდა მოვემზადოთ უფრო დიდი გამარჯვებისთვის, უფლის ნებით, უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება

ჩვენ ერთად დავამარცხეთ როგორც ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ისე მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი, ომი და უბედურება და შევინარჩუნეთ მშვიდობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველო უნდა მოემზადოს უფრო დიდი გამარჯვებისთვის, ქვეყნის გაერთიანებისთვის.

„მინდა გითხრათ, რომ ეს გზა არ იყო იოლი. ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ერთად დავამარცხეთ როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ისე მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი, ომი და უბედურება. შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება; ევროკავშირის ქვეყნის ელჩებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ, პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს, მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას. მადლობა თქვენ - ჩემო საყვარელო, ძვირფასო ხალხო, მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს; ყველა საჯარო მოხელეს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში. ახლა წინ დიდი გამარჯვება გველოდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით, უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში! მინდა, კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი, საქართველოს და ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!“,- განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი