საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, ახალი ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე იზრუნებს. აღნიშნულის შესახებ სტუ-სა და სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ყურადღება მემორანდუმის მნიშვნელობასა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში უსაფრთხოების კადრების პროფესიული განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მხარდაჭერაზე გაამახვილა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხარდაჭერა აღმოუჩინოს სასწავლო ცენტრს პროფესიონალი კადრების მომზადებაში, მასთან პარტნიორობით შეიმუშაოს საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი კურსები, საზაფხულო სკოლები, მოაწყოს ტრენინგები და სემინარები, გარდა ამისა, იზრუნოს, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში უსაფრთხოების თანამშრომელთა გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. უნივერსიტეტი მთლიანად აცნობიერებს იმ საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სადარაჯოზე ახორციელებს. ეს კი დიდწილადაა დამოკიდებული მის პროფესიონალიზმზე, რისი მიღწევაც სათანადო განათლების გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„მემორანდუმი გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და მყარი გარანტიების უზრუნველსაყოფად, განათლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ამ მხრივ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ძლიერი უსაფრთხოების სექტორი საჭიროებს ძლიერი ანალიტიკური სისტემების შექმნა-ჩამოყალიბებას, ასევე, მხარდაჭერას საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში კომპეტენტური, პროფესიონალი კადრების აღზრდა-გადამზადებაში. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ქმედით დახმარებას გაგვიწევს საერთო გამოწვევების ეფექტიანად დაძლევაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო