ჯაბა სამუშიამ დავით ფრანგიშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ევროპის აკადემიის წევრი, პასტერის (საფრანგეთი) ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, თსუ მოწვეული პროფესორი დავით ფრანგიშვილი თსუ-ში ნაყოფიერი მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

აღნიშნულის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ დავით ფრანგიშვილის პროფესიულ საქმიანობასა და წარმატებაზე ისაუბრა.

„დავით ფრანგიშვილი მსოფლიო დონის მეცნიერია, იგი არის ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც თავისი დარგის - ბიოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. წლების განმავლობაში იგი მოღვაწეობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა ლაბორატორიებს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ბატონ დავითს არასდროს გაუწყვეტია კავშირი „ალმა მატერთან“ და მოხარულები ვართ, რომ იგი საბოლოოდ დაუბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ძალიან აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ინფორმაციის თანახმად, დავით ფრანგიშვილი თსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორია და თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ყველა საფეხურის სტუდენტს, კონსულტაციას უწევს სამეცნიერო კვლევების მიმართულებას. მისი დამსახურება უმნიშვნელოვანესია ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის პოპულარიზაციის საქმეში. მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა მიკრობიოლოგიის ასოციაცია, რომელიც მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა და მასში უამრავი ახალგაზრდაა ჩართული.

დავით ფრანგიშვილმა მადლობა გადაუხადა თსუ რექტორსა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს ჯილდოსთვის და გაიხსენა უნივერსიტეტში გატარებული წლები.

„როდესაც თსუ ფიზიკის ფაკულტეტის პირველკურსელი ვიყავი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან ჯილდოს მივიღებდი მშობლიური უნივერსიტეტისგან. იმ შემოქმედებითმა და საინტერესო გარემომ განაპირობა ის, რომ სამეცნიერო მოღვაწეობა გავაგრძელე ბიოლოგიასა და ვირუსოლოგიაში. ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთთან ასოცირდება. დღეს კი დავბრუნდი ჩემს უნივერსიტეტში და მახარებს, რომ ჩემს ცოდნას, გამოცდილებასა და საერთაშორისო კონტაქტებს მოვახმარ ქართულ მეცნიერებას“,- აღნიშნა დავით ფრანგიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე დავით ფრანგიშვილმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავისი პუბლიკაციების ასლები გადასცა. თსუ რექტორის ინიციატივით ბიბლიოთეკაში შეიქმნება დავით ფრანგიშვილის პუბლიკაციების ფონდი და ასევე, თსუ გამომცემლობა დაბეჭდავს კრებულს, რომელშიც თემატურად გაერთიანდება ავტორის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატიები. ღონისძიებას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, გ.ელიავას ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო