დავით ნარმანია ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შემცირებისა და სამ ქალაქში წყლის კომერციული ტარიფის გაზრდის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შემცირებისა და მეორე მხრივ, სამ ქალაქში წყლის კომერციული ტარიფის გაზრდის მიზეზებს განმარტავს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დენის ტარიფის შემცირების მთავარი საფუძველი ქვეყანაში არსებული ჰიდროლოგიური მდგომარეობა და ენგურჰესის გამომუშავების ზრდაა.

მისივე თქმით, შემცირებული ტარიფი მინიმუმ სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

„ტარიფის შემცირების უმთავრესი საფუძველი არის ის ჰიდროლოგიური მდგომარეობა და უხვი ნალექი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, ასევე ის, რომ რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, შედარებით იაფიანი დენი, რასაც ენგურჰესი მომხმარებლებს აწვდის, გვაძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფის ზრდას კომერციული მომხმარებლებისთვის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, ნარმანია ამბობს, რომ ეს ზრდა არის ბოლო სამი წლის ინფლაციის და ასევე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საპროგნოზო ინფლაციის ოდენობის გათვალისწინებით.

„კომისიამ გეგმურად გადახედა წყალმომარაგების ტარიფებს. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც თბილისში, ასევე მცხეთასა და რუსთავში. ტარიფები გაიზარდა მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ როგორც დედაქალაქში, ასევე რუსთავსა და მცხეთაში. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიები. კომისია ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას, რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა აისახოს მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის წყლის მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კომპანიის მოლოდინი იყო უფრო მეტი, თუმცა მხოლოდ ოპტიმალური გეგმა შეიცვალა და ასევე, კომისიამ 45 მლნ ლარი არ გაითვალისწინა კომპანიის ხარჯებში, რამაც საშუალება მოგვცა, მოსახლეობისთვის შეგვენარჩუნებინა შემდგომი სამი წლისთვის პრაქტიკულად უცვლელი ტარიფები. მეორე მხრივ, ამან საშუალება მოგვცა დაგვედგინა ოპტიმალური და სამართლიანი ტარიფები. რუსთავთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასულ წელს კომპანიას მივეცით დავალება, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაედო, რადგან რუსთავში მდგომარეობა იყო გაცილებით უფრო რთული, ვიდრე დედაქალაქში. ეს საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს, გაგრძელდება და სწორედ ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს ხელშესახებ შედეგს, რომ ავარიები შემცირდება და წყლის წყვეტის მაჩვენებლები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო