საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩებს მოუსმინა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წლის ბოლო სხდომაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს მოუსმინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის წევრებს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გააცნო.

„2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები საკმაოდ დატვირთული იყო. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მისი თქმით, მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ.

დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წელს 1 მილიარდს გადააჭარბებს. ჩვენს დერეფანს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი სატრანზიტო თვალსაზრისით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. საუბარია შუა დერეფნის გაძლიერებაზე, ხელშეწყობაზე, რათა უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ ჩვენს რეგიონში და ამ კონტექსტში აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება. მომდევნო წლის დასაწყისში, დასრულდება ამ პროექტის გაფართოება და შესაძლებელი იქნება ერთი მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე ტვირთების გატარება რკინიგზით, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას და ხელშეწყობას",- განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკება საერთაშორისო პროექტზე, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას.

მომხსენებელმა ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე და კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელი ქვეყანაა. ის არის როგორც ეკონომიკურად ასევე, პოლიტიკურად ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. თურქეთი საქართველოსთან მიმართებაში არის ლიდერი სახელმწიფო პრაქტიკულად ყველა მიმართულებით", - განაცხადა სხდომაზე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

მისი ინფორმაციით, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 11 თვის განმავლობაში 2 მლრდ. 750 მლნ შეადგინა.

„ტურიზმთან მიმართებაში სტატისტიკა ძალიან მაღალია, ასევე, ინვესტიციების მიმართულებითაც თურქეთი ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, საიდანაც 2 მლრდ-ზე მეტია საქართველოში ინვესტირებული", - განაცხადა ელჩმა.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა მაღალი რანგის ვიზიტების შესახებ.

„ჩვენი ურთიერთობა სომხეთის რესპუბლიკასთან არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც მაღალი დონის ვიზიტებზეც აისახება. ასევე გაღრმავებულია სამოქალაქო საზოგადოების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენი ურთიერთობის ეკონომიკურ მდგენელს - გვაქვს დიდი ზრდა. სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდს გადააჭარბა. ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 41%-ით. სომხეთთან გვაქვს მრავალმხრივი პროექტები, მათ შორის ენერგეტიკული და ვაჭრობის. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შედგენა", - განაცხადა სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა განათლების და კულტურის მიმართულებით არსებულ ურთიერთობებზე. მისი თქმით, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში იანვრიდან ქართველოლოგიური ცენტრი გაიხსნება.

მოხსენებების შემდეგ კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი