„ევროოპტიმისტები“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას სთავაზობს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრები და მათთან ერთად, დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას სთავაზობს.

„უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ“ ასე ეწოდება რეზოლუციის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების უფლებებისა და მათ მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის დანაშაულებრივი ფაქტების შეფასებას და მათზე რეაგირებას.

პროექტის ინიციატორთა განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან გრძელდება უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების ძალადობრივი გადასახლება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი 2022 წლის 24 თებერვლიდან - რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ მიიღო.

„რეზოლუციის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეაგირება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული ფაქტების მყისიერ, სრულფასოვან და ეფექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ყველა შესაძლო ინსტანციაში.

რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი დაადასტურებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საყოველთაო დეკლარაციის და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მნიშვნელობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტი დაგმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდისა და ომის დანაშაულების ფაქტებს, დაგმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინის კონსტიტუციურ წესრიგსა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

რეზოლუციის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი მოახდენს რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებული პროცესების შეფასებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად და უშუალოდ იმოქმედონ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების მშობლებთან და კანონიერ მეურვეებთან დაბრუნების საკითხებზე“, - აცხადებენ რეზოლუციის პროექტის ინიციატორები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის