ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა“ გაიმართება

16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია - „ზღვრების გადაკვეთა" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაზე კინოსა და კულტურის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები - ჯეიმს სტეფენი, პატრიკ კაზალი, თეო ხატიაშვილი, ქეთი შავგულიძე, ვერონიკა ჟურავლიოვა, გიორგი მაისურაძე, ნიკოლოზ ნადირაშვილი, ოლგა ბრიუხოვეცკა, გოგი გვახარია, ზაალ ანდრონიკაშვილი, გიგა ზედანია - ფარაჯანოვის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს განიხილავენ, რათა უკეთ გამოკვეთონ მისი ხელოვნების უნიკალური ფორმა, რომელიც თავის მომაჯადოებელ ხასიათს დღემდე ინარჩუნებს.

„საზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე - თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში, უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე გადაიღო. მისი დანარჩენი სამი მნიშვნელოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმიდან ერთი ეძღვნება საიათნოვას, სამენოვან თბილისელ სომეხ პოეტს, მეორე წარმოადგენს ქართული ლიტერატურულად დამუშავებული ლეგენდის თავისებურ ეკრანიზაციას, ხოლო მესამე - თურქული ლეგენდის გადააზრებას.

პოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში მისი სოციალური ქცევის სკანდალური ნონკონფორმიზმი და კინოხელოვნების სრულიად განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი, აგებული კოლაჟისა თუ tableu vivant-ის („ცოცხალი სურათის“) ესთეტიკაზე, წარმოადგენდა ასაფეთქებელ ნაზავს, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა დიდი რეჟისორის ცხოვრებას, მაგრამ მისი ფილმები გლობალური მნიშვნელობის ნაწარმოებებად აქცია.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

16 იანვარი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის N1

17-18 იანვარი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გიორგი წერეთლის N3

დასწრება თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება