ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება. სწორედ ამ დრომდე გადაიდო დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ.

ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ დასაკითხ პირთა სიაში არსებული მოწმეები მოხსნეს და მათ აღარ დაკითხავენ. შესაბამისად, შემდეგ სასამართლო პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო სიტყვით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღო გრიგორიადისმაც.

„დაცვის მხარის მიერ მოწმეები მხოლოდ მოიხსნა, რადგან ისინი მხოლოდ იმ ფაქტს აფიქსირებდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნამდვილად იმყოფებოდა 8-9 მარტის აქციებზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეც არ დავობს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აქციებზე, თუმცა, ჩვენ ვდავობთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ იქნა ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“. დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით, დაცვის მხარემ, ლაზარესთან შეთანხმებით, მოწმეების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ, გრიგორიადისმა გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, საბოლოო სიტყვის უფლებით ვისარგებლებო. მომდევნო სხდომაზე დადგება განაჩენი, მოსამართლემაც განმარტა, ყველაფერს ერთ სხდომაში მოვასწრებთო. განაჩენის დადგენისთანავე, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ალბათ, დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს.

გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი თავიდანვე გვქონდა. ახლაც, რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, ერთადერთი ბერკეტი, რაც გვრჩება, საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართვაა“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში