ვახტანგ ცინცაძე - მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის" შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს

მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის" 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია როგორც მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან, ასევე, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით . აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, „საწარმოთა გამოკვლევა" ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნეს გარემოს ფართო სპექტრს: კორუფციის დონის, რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს.

„მაგალითად, რეგულაციებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს მაშინ, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვნებელი დაახლოებით 9%-ია. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობისთვის, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე, აღსანიშნავია მაჩვენებლები კორუფციის მიმართულებით - მათ შორის მოქრთამვის შემთხვევები, კორუფციის სიღრმე თუ საჯარო მომსახურების გაწევისას კომპანიების მოლოდინი ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში, ან ნულია ან ნულთან ახლოსაა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოვებით 6%-ია", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის წინა კვლევასთან შედარებით 17.3%-დან 9 პროცენტამდე შემცირდა კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების განაკვეთს მიიჩნევდა მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორად.

ამასთან, იმ კომპანიების წილი, რომელიც გადასახადების ადმინისტრირებას შემზღუდავ ფაქტორად მიიჩნევს, განახევრებულია და მხოლოდ 3.9%-ს შეადგენს. ასევე, კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით საქართველოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით - ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორებში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად უკეთესია ევროპისა და ცენტრალური აზიის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს, ჩვენი მთავრობის მიზანია მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა. ეს საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ქვეყანაში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას", - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე, რომლის განცხადებასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს