შვედეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის მიერ ბუდაპეშტში მიწვევას გამოეხმაურა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ბუდაპეშტში მიწვევას გამოეხმაურა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილი შვედურმა მედიამ გამოაქვეყნა, რომელშიც მან ვიქტორ ორბანს უნგრეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც აღნიშნეთ, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც ორმხრივ დონეზე ჩვენს საერთო ინტერესებს მოიცავს და Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავებს, უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით ევროკავშირს და ნატო-ში თანამშრომლობას ეხება, სადაც ჩვენ მოკავშირეები ვართ“, - წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.

ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება ორმხრივ ურთიერთობებში ნდობისა და ურთიერთგაგების გასაძლიერებლად მყარ საფუძველს შექმნის.

„ბუდაპეშტში, ორივესთვის ხელსაყრელ დროს, ზემოთ აღნიშნული საკითხების თქვენთან ერთად განხილვას მოუთმენლად ველი. ჩვენ, ასევე, 1-ელ თებერვალს ბრიუსელში ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან სხდომაზე შეხვედრის შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა ულფ კრისტერსონმა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ბუდაპეშტში, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად მიიწვია. მოგვიანებით, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად, უნგრეთი ალიანსის უკანასკნელი წევრია, რომლის პარლამენტსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების შესახებ კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩაუტარებია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს