პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომამდე გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს.

პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის დინამიკა შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი