მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტის მიერ პრემიერის დანიშვნის პროცედურულად გაწერილი ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია იმსჯელოს, გადაწყვეტილება ცუდია თუ კარგი - თუ ხელს არ მოაწერს, დესტრუქციული ნაბიჯი იქნება

პროცედურულად გაწერილი ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია იმსჯელოს, გადაწყვეტილება ცუდია თუ კარგი - ეს ძალზედ დესტრუქციული ნაბიჯი იქნება და არაფერი მოასწავებს, რომ შეიძლება ასე მოიქცეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ნაბიჯი იქნება პრეზიდენტის მხრიდან, თუ მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ხელი არ მოაწერა.

სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ბევრჯერ შეეცადა საკუთარი ხელმოწერისთვის შინაარსობრივი დატვირთვა მიეცა, თუმცა, მისი უფლებამოსილებები სიმბოლურია.

„მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი არაერთხელ შეეცადა საკუთარი ხელმოწერისთვის რაღაც შინაარსობრივი დატვირთვა მიენიჭებინა და ეს ხელოვნურად შეექმნა, სხვათა შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის როგორც წესი უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვის. მე არ გავაკეთებ პროგნოზებს როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ობიექტურად არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ვგულისხმობ პრეზიდენტის ინსტიტუტს. განსაზღვრულია პროცედურულად, რომ რაღაცას ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულმა პირმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლია იმსჯელოს, რამდენად კარგია თუ ცუდია გადაწყვეტილება. [თუ ხელს არ მოაწერს] სამწუხაროდ, ეს იქნება ძალზედ დესტრუქციული ნაბიჯი, ამიტომ ვარაუდად არ მინდა დავუშვა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. არ მინდა პროგნოზები გამოვთქვა და არც არაფერი მოასწავებს, რომ ასე შეიძლება ვინმე მოიქცეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ განახლებული მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის პროცესში, ოპოზიციისგან ყველაფერს ელოდება საქმიანი დისკუსიის გარდა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მაღალი მოლოდინი არ მაქვს, რომ ოპოზიციამ ამ პროცესთან მიმართებით კონსტრუქციულობა გამოავლინოს, მაგრამ ძალიან მინდა ვცდებოდე და აღმოჩნდეს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული იქნება. თუმცა, თუ ობიექტურად შევაფასებთ რეალობას, ამის მოლოდინის საფუძველი არ გვაქვს. ველოდებით სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს, უსაგნო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, ანგაჟირებული განცხადებების კეთებას და ა.შ. როგორც ეს ამ დრომდე ხდებოდა. ველოდებით ყველაფერს, გარდა საქმიანი დისკუსიისა”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი