რატი ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა - არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები

მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა - არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს არსებული პრობლემები, რაც, დაახლოებით, 1 000 000 ჰექტარზე არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ, გადაიჭრება.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება. მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე შეეწყობა ხელი არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას. ასევე, ეკონომიკურ ბრუნვაში სამართლებრივად უსაფრთხო ობიექტების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზრდება”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება, რის შედეგადაც მთელ საქართველოში 130 იუსტიციის სახლი იქნება.

„ფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში, ვგულისხმობ გლდანის ფილიალს, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ჭალაში. შედეგად ჩვენ გვექნება 130 იუსტიციის სახლი მთელ საქართველოში“, განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება იუსტიციის სახლების გახსნა.

„ეს არის ქართული ინოვაციური პროგრამა, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სრული წვდომა ჰქონდეთ სახელმწიფო სერვისებზე და რა თქმა უნდა, ასევე იუსტიციის სახლებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლებიც. ეს არის უპრეცედენტო პროექტი და ქართული ინოვაცია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მოწონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირდაპირ ვიტყვი, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის სერვისების მიწოდების კუთხით. დღეს პატიმრებს საქართველოში აქვთ იმის შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო სერვისები და ასევე, კერძო სერვისები ზუსტად თითქმის იმავე გარემოში, რომელშიც მიჩვეული არის ზოგადად მომხმარებელი“, განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაა.

„დაბა ლაითურში ახლად გახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ უკვე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

მისივე თქმით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტი შესაძლებლობისთვის ასევე გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო