იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის ახალგახსნილ ბაზაზე ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ბაზა სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს როგორც საქართველოში, ისე რეგიონის მასშტაბით.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, სააკაძის სასწავლო ბაზა, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნა, რეგიონის მასშტაბით უნიკალურია ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით. ბაზაზე შესაძლებელია უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება. მისი თქმით, ცენტრი ემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.
ამასთან, რატი ბრეგაძემ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრში დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა.
„ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი... ვისაუბრე იმაზეც, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი, უკვე დასრულდა ტენდერი და დაიწყება სარემონტო სამუშაოები, დაშენდება ჯიქიაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრზე კიდევ ერთ სართული, სადაც იქნება უნიკალური ბიბლიოთეკა იურისტებისათვის, და იქ გაიხსნება, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლის ცენტრი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა დაგეგმილი რეფორმებია.
„მეტი ინტენსივობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე თარგმნა და, შესაბამისად, გაუმჯობესდება სახელმწიფო ენაზე ევროკავშირის სამართლებრივ ბაზაზე წვდომა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის კანონმდებლობის ქართულად და ქართული კანონმდებლობის ინგლისურ ენაზე თარგმანს საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი ახორციელებს.
„ქართული სამართლებრივი ბაზის საერთაშორისო ენებზე თარგმნის გარდა, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობითი ცენტრი ევროკავშირის რეკომენდაციების ქართულენოვან თარგმანებზეც მუშაობს, რათა ეს დოკუმენტები ქართულენოვანი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, მოხდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება; უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კი, გამარტივდება საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ შეეძლებათ, ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი.
ევროკავშირის წევრობისთვის სავალდებულო მოთხოვნაა, ევროკავშირის საბაზისო კანონმდებლობა (community acquis) ქართულ ენაზე იყოს თარგმნილი, რომელსაც საკანონმდებლო მაცნე ახორციელებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.