თბილისის საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა, მან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ზამთრის სკოლის მონაწილე სტუდენტებს წარმატება უსურვა.
„ზამთრის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ პროექტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ახალგაზრდების მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კი - უმნიშვნელოვანესი.
დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს წევრების გამოცდილება დაეხმარება სტუდენტებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. სწორედ ამიტომ, შეხვედრას ესწრებიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს განმარტებით, ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიებაზე სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, კი დედაქალაქის საკრებულოს მუშაობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ ისაუბრა.
ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ესწრებოდა.
საკრებულოს ინფორმაციით, ზამთრის სკოლა 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, სალექციო დღეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
მათივე ცნობით, ზამთრის სკოლის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან დარგის ექსპერტები და სხვადასხვა ქალაქის მერები. თემატიკა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: „მუნიციპალური სამართლის საფუძვლები“; „მუნიციპალიტეტების განვითარების ხედვა“; „ადგილობრივი თვითმმართველობის ჰერალდიკური ნიშნები“ და სხვა.
საკრებულოში აცხადებენ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია 200-ზე მეტმა მსურველმა გაიარა, რომელთაგან კომისიამ 35 მონაწილე შეარჩია, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან არიან.
ზამთრის სკოლის მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.