ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

ვიქტორ სანეევის - საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის, ქართველი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სამმხტომში, საქართველოს სპორტსმენთა შორის ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელის, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, ევროპის რვაგზის ჩემპიონის, მრავალი ჯილდოს, პრემიისა და პრიზის მფლობელის, სახელობის სტიპენდია აფხაზეთიდან დევნილი, ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას და წახალისებას ემსახურება. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს და პრიზიორებს).

„სტიპენდია წესდება საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე სამ გამარჯვებულზე, თითოეულზე 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, კალენდარული წლის 10 (ათი) თვის განმავლობაში.

კონკურსანტების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ დაკომპლექტებული ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის დადგენილ ასაკობრივ ზღვარს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 1 მარტამდე (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

სამინისტროში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება (მითითებული უნდა იყოს შეესაბამება თუ არა კანდიდატის ასაკი ახალგაზრდული გუნდისთვის დადგენილ კატეგორიას);

ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები;

გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;

დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ვ) დევნილის მოწმობის ასლი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება