ბევრჯერ გაიჟღერა, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას ვედავებით პატარა ბავშვებს. ბავშვებს რას ვედავებით, მოზრდილ ადამიანებს წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ლადო კახაძის განმარტებით, მიესალმება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადაიხედოს ის წიგნები და სახელმძღვანელოები, რომელშიც „ბევრი მავნებლური რამ წერია“.
„ერთი და იმავე დოკუმენტზე საერთაშორისო იქნება თუ სხვა, ზოგს თარგმანს დავაბრალებთ, ზოგს ინტერპრეტაციას, აქ ვინც სხედხართ, ყველას თქვენ თქვენი აზრი გექნებათ და თქვენ იქნებით მარტო მართლები იმ შინაარსში, რასაც გამოიტანთ. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ეს ბავშვების მიმართ არასწორი გადამისამართებაა. კარგია, რომ ზოგიერთი რამის შინაარსი არ გამოაქვთ, ისეთი რაღაცები წერია იმ წიგნებში. კარგია, რომ იქიდან შინაარსს არ გამოიტანენ. მივესალმები ბატონი მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადაიხედოს ის წიგნები და სახელმძღვანელოები, რომელშიც ბევრი რამ მავნებლური წერია. მე ტექსტთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. პასუხისმგებლობით ვეკიდები სიტყვების თანწყობას, ისტორიული წყაროების დასახელებას და ჩვენ ბავშვებს შევუქმენით მენტალური ძალიან დიდი საფრთხე. ამის გამოსწორებას აპირებს სამინისტრო და მე მთლიანად მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას“,-განაცხადა კახაძემ.