კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ  მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოკვლევა დაიწყო კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.

„მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.

საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა.

შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:

  1. იმპორტიორი შპს „გლობალცბც“, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
  2. იმპორტიორ იშპს „კონცეპტფარმა, მედიკამენტი - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
  3. იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალნეო (200 მგ. N2), ადაზალნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
  4. იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი - არიპრადა;
  5. იმპორტიორი შპს „რიჩგრუპი“, მედიკამენტი - ზინასენი N60;
  6. იმპორტიორი შპს „კროკუსფარმა“, მედიკამენტი - ლორნიკუსიამპულა N1;
  7. იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლიტაბ. 480მგ., ბისეპტოლიტაბ. 120მგ.;
  8. იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს - მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში შეთანხმებული ქმედება დადგინდა. მათ შორის, ფარმაციის ბაზარზე, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის, 2 მოკვლევა მიმდინარე რეჟიმშია -დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება