სადაც გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა, იქ შეიცვლება ვითარება ყველა კუთხით, მთავარი გასაღები არის სწორედ, ეკონომიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, 2012 წელს ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ უმძიმესი მდგომარეობა გადმოიბარა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის ზრდა იქნება.
„რომ შევაჯამოთ, 2012 წელს ჩვენ გადმოვიბარეთ უმძიმესი მდგომარეობა ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, მას შემდეგ 11 წლის განმავლობაში ფუნდამენტური პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით იმ სივრცეს, სადაც განვითარებული ეკონომიკებია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ მაჩვენებლიდან მივაღწიოთ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც დამახასიათებელია ევროკავშირის წვერი ქვეყნებისთვის. სავალუტო ფონდის შედეგებს თუ შევხედავთ, ძალიან კარგი მონაცემები გაქვს, რაც არის ოპტიმიზმის საფუძველი.
მთავარი არის ეკონომიკის ზრდა, ამიტომ დავიწყე ჩემი დღევანდელი პრეზენტაცია ეკონომიკით, სადაც გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა, იქ შეიცვლება ვითარება ყველა კუთხით. მთავარი გასაღები აირს, სწორედ, ეკონომიკა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე ისაუბრა, მისი თქმით, შეუძლებელია ინფლაცია არ მოხდეს 11 წლის განმავლობაში.
„ვერცერთ ქვეყანაში ვერ იქნება ფასები იგივე, რაც 11 წლით ადრე იყო. მთავარი არის ის, რომ ინფლაციას უნდა გაასწროს ეკონომიკურმა ზრდამ.
ამ წლების განმავლობაში გვქონდა სერიოზული სირთულეები. რეალურად მოხდა ის, რომ 11 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი: 2015-16 წლები, რუსეთ-უკრაინის პირველი ომის შემდეგ, ამ კრიზისმა მძიმედ დაარტყა ვალუტას და მეორე იყო 2020 წლის კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, ამის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ოპტიმალური მაჩვენებლის მიღწევა და გასული სამი წლის განმავლობაში გვაქვს სერიოზული წინსვლა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისთ. მთავარი არის ტემპი შევინარჩუნოთ, თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, გვექნება კარგი მონაცემები ყველა კუთხით.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის ზრდა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.