პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა.

ლილუაშვილს, მისი გამოსვლის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგიდან შეძახილებით მიმართეს: „შენ ვინ ხარ?“; „შენ ვინ აგირჩია, შენ?“

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი ლილუაშვილს უთხრა: „თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“.

საპასუხოდ ლილუაშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ნდობა უნდა გამოგიცხადოთ, რასაც დამსახურება უნდა. დამისახელეთ თქვენი ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, ან სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც ადამიანების ნდობას იმსახურებთ. მე პირიქით - შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 10, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი, თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამაძლიერებელი, რუსული კანონის ინიციატორი და მიმღები, პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად დამცლელი და პერსონალურად თქვენ ხართ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების ასი ათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ. ივანიშვილმა რატომ აგირჩიათ, გასაგებია - ყველაფერი ეს მისი დავალებით შეასრულეთ, მაგრამ საქართველოს ხალხმა რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, ამაზე გვიპასუხეთ. მეორე კითხვა - ივანიშვილი ვერ შეარჩევდა თქვენზე უკეთეს განსახიერებას იმისა, როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ამის დასტურია თქვენი დღევანდელი გამოსვლა. თქვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამიდან, რომლის დიდი ნაწილი ჩვენი დაწერილია. თუ შტაბის ხელმძღვანელი წერს ახლა, ალბათ ღარიბაშვილი დაგიწერთ სამთავრობო პროგრამას. 13 ათასი დევნილი ოჯახისთვის და 1200 ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილება - არ შესრულდა; ადამიანების გაჭირვებით პოლიტიკური ვაჭრობის დასრულება და სოციალური შეფასების სისტემის რეფორმა - არ შესრულდა (ამოღებულია პროგრამიდან); სოციალური დახმარების პაკეტების, მაგალითად, საარსებო მინიმუმის კანონის წესით ყოველწლიური ზრდა, ინდექსაცია - არ შესრულდა; პოლიტიკური და ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყაროების, საგადასახადო შეთანხმების გაუქმება და დავების რეფორმა -არ შესრულდა. მაინტერესებს როგორ უნდა დაგვარწმუნოთ, რომ იმ დაპირებებს შეასრულებთ მომდევნო 9 თვეში, რაც ღარიბაშვილმა 3 წელიწადში არ შეასრულა?“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება