ოპოზიციის მიზანია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დისკრედიტირებული იყოს და საბოლოო ჯამში, ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიცია ხელში ჩაიგდოს არა პროფესიული ნიშნით არჩეულმა პირმა და ნეიტრალურმა ადამიანმა, არამედ ხელში ჩაიგდოს ოპოზიციის იმ წარმომადგენელმა, რომელიც ჰყავთ დღეს არჩეული და წარმოადგენს პარტია „ლელოს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს წარადგენს.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული პრინციპებისთვის, რომ კონკრეტული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე.
„როდესაც არაფერი გაქვთ სათქმელი, როდესაც კონტექსტუალურ შინაარსში ვერ შემოდიხართ, გასაგებია, რომ კითხვები სხვა ვერ იქნება, თუ არა ისევ ის კითხვები, რომლებიც პირველ მოსმენასთან არის დაკავშირებული და ზოგადი ხასიათისაა, რაც უკვე გავლილი თემაა და მეორე, როდესაც თქვენ მანიპულირებთ იმით, რომ თითქოსდა ეს პროცესი ევროკავშირში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას გარკვეულწილად ხელს უშლის.
რეალური ზრახვები, რაც ამ კითხვების უკან დგას და რომელიც ძალიან იოლად ამოკითხვადია, არის ის, რომ სწორედ ოპოზიციის მიზანია, ეს პროცესი მაქსიმალურად დისკრედიტირებული იყოს და საბოლოო ჯამში, ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიცია ხელში ჩაიგდოს არა პროფესიული ნიშნით არჩეულმა პირმა და ნეიტრალურმა ადამიანმა, არამედ ხელში ჩაიგდოს ოპოზიციის იმ წარმომადგენელმა, რომელიც ჰყავთ დღეს არჩეული და წარმოადგენს პარტია „ლელოს“ და უფრო მეტიც, აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული პრინციპებისთვის, რომ კონკრეტული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე.
ევროკავშირისა და კანდიდატ იმ ქვეყნებში, სადაც პარლამენტი არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების დაკომპლექტებაზე, იქ უბრალოდ უმრავლესობით, ანუ 50%-ს პლუს ერთი ხმით, ხდება ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა და შესაბამისად, ეს არის ის მოდელი, რომელიც დამკვიდრებულია ევროკავშირში და კანდიდატ ქვეყნებში და არსად არ არის მოადგილე, რომელიც არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი. აი, ამ მახინჯი პრაქტიკის და იმ ნეიტრალიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტიების სადარაჯოზეა ის კანონპროექტი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ვენეციის კომისიასაც ეუთო/ოდირთან ერთად, თავის დასკვნაში ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი რაიმე ჭრილში არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან ან კანონმდებლობასთან“,- განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ცნობისთვის, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.
საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება პარლამენტის საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მოხდა, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ვერც ამ ეტაპზე მოხდა, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს არჩევისთვის კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ არჩევა ვერც მესამე კენჭისყრით მოხდა, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.