ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მოსახლეობა სუფსიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებას აპროტესტებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივები მდინარე სუფსიდან ქვიშა-ხრეშის ამოღებას აპროტესტებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფაც გამოიწვიოს.

მათივე თქმით, სამუშაოებს შპს "ახალი ქარხანა" ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან. ადგილობრივი ხელისუფლებას კი საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

აკეთის მოსახლეობამ საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც მიმართა. მისი წარმომადგენლები საკითხის დეტალურად შესწავლას გეგმავენ. "პრობლემები უკვე დაწყებულია, აქედან ას მეტრში სახნავ-სათესი ფართობებია და მოსავალი დაიკარგა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვია მდინარის კალაპოტის დაღრმავებამ, სიმინდი ვერ იღებს იმ რაოდენობის წყალს, რომელიც სჭირდება ზაფხულში. ჭებში წყალი შრება. ცენტრალური მაგისტრალი არ არის, ახლა კეთდება, მაგრამ ამ ეტაპზე წყალს დიდი მანძილიდან ვეზიდებით. მოვითხოვთ შეჩერდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვება ამ ტერიტორიაზე. ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, რომ ამ რაოდენობის ქვიშის აქედან გატანა არ შეიძლება. ხუთწლიანი ლიცენზია, რომელიც გაცემული იყო აღნიშნულ კომპანიაზე და რაც 5 წელში უნდა გაეტანათ, 7 თვეშია ნახევარზე მეტი გატანილი. კიდევ 3 000 მანქანა ხრეში უნდა გავიდეს აქედან და აქ რა უნდა დარჩეს? თუ არ შეჩერდება აქ სამუშაოები, ძალიან ცუდად წავა საქმე”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივები მდინარე სუფსიდან ინერტული მასალის ამოღების შეჩერებას და აღნიშნულ საკითხზე დროულ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება