ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთში, პარიზში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთში, პარიზში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კონკრეტულად, 12 ქართული კომპანია წარმოდგენილია ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine Paris“; ასევე 12 კომპანია მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „VinExpo Paris“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოფენებზე ქართული ღვინის სტენდები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დაათვალიერა. მათივე განმარტებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებისა და მედია კამპანიების დასაგეგმად, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან საქმიან შეხვედრებს მართავს.

„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი სავაჭრო პარტნიორობის მოსაძიებლად და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. მსგავს გამოფენებზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე ,,RAW Wine”, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან, ხოლო VinExpo Paris ითვლება ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენად, სადაც ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

გამოფენებზე ქართული სტენდები დაათვალიერა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმაც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება