თეონა აქუბარდია - როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე პრემიერია, ეს მისასალმებელია კრემლისთვის - მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი მთავრობას, არამედ ის, თუ რა საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს

როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის - მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ ის, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებას, რომ "საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით", ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დაძლეულია.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, პრობლემაა, როცა ხელისუფლება დუმს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამაზ გინტურის მკვლელობა და ანექსიური პროცესები აფხაზეთში.

„ბუნებრივია, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მოგვიკლა თამაზ გინტური, ანექსიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში, "ქართული ოცნება" კი საერთოდ არ იმჩნევს ამ ყველაფერს. ამ მოცემულობაში, როცა გავრილოვის მასპინძელი ბატონი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის. აქ მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ პრობლემა იმაშია, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის, არამედ საქართველოს ეროვნული მთლიანობის, სუვერენიტიტეტის და ეროვნული ინტერესის განხორციელების ჭრილში, აბსოლუტურად არაადეკვატურია პარლამენტის დუმილი იქნება ეს თამაზ გინტურის მკვლელობა, ანექსიური პროცესები თუ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის სახით, რომელსაც არათუ ებრძვის ხელისუფლება, არამედ ხშირად რუპორია ამ პროპაგანდის,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ის ასევე გამოეხმაურა მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ ტიპის საუბრების მოლოდინი არსებობდა.

„ივანიშვილის ხმამაღალი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ბუნებრივია, გამოიწვევდა იმ განცხადებას, რაც ახლად არჩეულმა პრემიერმა გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე. ამ მოცემულობაში მთავარი კითხვაა არა ის, რომ ახალი პრემიერის განკარგულებები იქნება საჯარო, არამედ ის, თუ რატომ არის დახურული 900-ზე მეტი განკარგულება, რომელიც გამოცემულია წინა პრემიერის პირობებში. სწორედ იმ პერიოდში ყველაზე გახმაურებული სავარაუდო კორუფციული ამბები გვესმოდა საჯაროდ. ხელის დაფარება არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა,"- განაცხადა აქუბარდიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო