ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Sturgeon Capital Georgia-ს საინვესტიციო სამიტში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის ყოველწლიური სამიტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს პერსპექტიული ციფრული კომპანიების მხარდაჭერისა და ინოვაციური იდეების ინვესტირებაში.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ისაუბრა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანაზე, რომელიც ფინანსურ სექტორში ინოვაციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მისივე თქმით, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი ინიციატივების დანერგვაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივებს შორის აღსანიშნია ღია ბანკინგი, რეგულირების ლაბორატორია და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვა.

მან ასევე ხაზი გაუსვა პირველი ღია ფინანსების API-ების (პროგრამირების ინტერფეისების) გაშვებას, რომელიც 2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესებში IFC-ის მხარდაჭერა. ერთობლივი მუშაობით ღია ფინანსების ლაბორატორია შევქმენით, რომლის საშუალებითაც ახალი API-ების ტესტირება იქნება შესაძლებელი. ღია ფინანსების ლაბორატორიის მონაწილეებს IFC-ის პროფესიონალები ექსპერტულ ტექნიკურ კონსულტაციას უწევენ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა 2020 წელს ციფრული ბანკინგის ლიცენზირების დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ეკოსისტემაში ნოვატორების ინტეგრაციას შეუწყო ხელი. მისი შეფასებით შედეგები ხელშესახებია.

"ციფრული ბანკის სამი ლიცენზია უკვე გაცემული გვაქვს. ლიცენზიის მფლობელები ნერგავენ მნიშვნელოვან ინოვაციებს, აძლიერებენ კონკურენციას ბაზარზე და პასუხობენ ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ფინტექ სექტორში ინოვაციების ხელშეწყობის ვალდებულებას განუხრელად ვასრულებთ. ვმუშაობთ შემდგომ ინიციატივებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გახდება საჯარო", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მხარდაჭერითა და Startup Connect-ის ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიება არაერთ პერსპექტიულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ საინვესტიციო სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ერთ-ერთ პანელზე, სახელწოდებით "საქართველო, როგორც ფინტექჰაბი" სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ ქვეყანაში ფინტექ სექტორის განვითარებაზე ისაუბრა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო