სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰიმ.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, პრეზენტაცია გამართა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„დღევანდელი მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი ჩვენ ქვეყანაში 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, ვმართავთ ძალიან მსხვილ და დივერსიფიცირებულ ბიზნეს ფორუმს, რომელზეც ვმასპინძლობთ 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენლებს.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფორუმი, საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი საუდელ ბიზნესმენებთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამომავლო ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყურეს ქვეყნებიდან ჩამოდიან ინვესტორები, იცით რომ ემირატებთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და მუშავდება რამდენიმე მსხვილი პროექტი. ახლა კი ვფიქრობთ, რომ საუდელი ინვესტორებიც დაინტერესდებიან საქართველოთი.

ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები დებენ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა. ეს არის: უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. სწორედ ამ სექტორების წარმოჩენა, მათი უპირატესობების ჩვენება და კონკრეტული შეთავაზებების წარდგენა მოვახდინეთ საუდელი ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ცნობით, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის მიმდინარეობისას, გაიმართა პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული, ჰაბის პოტენციალზე.

„ფორუმზე ორი ქვეყნის მინისტრებმა გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.

ღონისძიებას 300-მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ბოლოს გაიმართა ინტერაქციული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ საშუალება მიეცათ კავშირები დაემყარებინათ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი