დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს

დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს.

„აშშ-ის სიძლიერისა და ძლევამოსილების გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დახმარების პაკეტი ფინანსური, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, უახლოეს თვეებში დაამტკიცოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.

დევიდ კამერონმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის პოლიტიკური ნება აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებიც დაარწმუნონ.

„მინდა, რომ ეს წარმომადგენელთა პალატისა და პირადად სპიკერის, მაიკ ჯონსონის მიმართ ჩვენს ერთობლივ მიმართვად განიხილოთ, რათა უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭისყრაზე გაიტანონ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მთელ მსოფლიოში აშშ-ის მიმართ ნდობაზე გავლენას მოახდენს“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო. აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული.

კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომლის სპიკერმაც, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს არ მიიღებს, რადგან იგი აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს აღარ შეიცავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება