პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი არ იჭერს მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ევროკავშირი არ იჭერს რომელიმე მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

„ეს არის საქართველოსთვის გასული წლის დეკემბერში განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ნომერი მეორე ნაბიჯი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ მიმართა ეუთო/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის თხოვნით. ყველა ჩვენი წევრი სახელმწიფო, რომლებიც ეუთო-ს წევრები არიან, მხარს დაუჭერენ ამას. დავიწყე ევროკავშირის ელჩების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. განზრახული გვაქვს, რომ ყველა მათგანს შევხვდეთ მომავალი თვეების განმავლობაში, რათა ინფორმირებული ვიყოთ სხვადასხვა იდეის, სხვადასხვა საარჩევნო პროგრამის შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ელექტრონულ კენჭისყრას, ოქროს სტანდარტი არ არსებობს, „ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ეს აქვს, ზოგს - არა“.

„რეალურად, უმეტესობას არ აქვს. ასე რომ, ვერ გამოვხატავ აზრს ამასთან დაკავშირებით. რაც შემიძლია ვთქვა და მსურს, ეს ვთქვა ხმამაღლა, არის ის, რომ გულწრფელად ვიმედოვნებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და გვექნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, წარმოადგინოს თავისი პროგრამა და შეძლოს კონკურენციის გაწევა“, - აღნიშნა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება