ადგილწარმოშობის დასახელება „ატენი (ატენური)“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „ატენი (ატენური)“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

„არს ციხე მაღალი კლდესა ზედა, ნაშენი დიდი და ციხის გორის სამხრეთ არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული“ - წერს ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი და „საცივის მარნის“ არსებობით გვამცნობს, რომ ქართლში, ატენის ხეობაში ღვინის დაყენების უძველესი კულტურა არსებობს. შემდეგ ჩანაწერები, ფაქტები, გადმოცემით თქმული ამბები ერთად იკვრება და ვიღებთ ღვინის დამზადების ასეთ წესს: ქვიტკირის საწნახელში დაწურულ ყურძნის წვენს ერთი-ორი საათით „სულს მოათქმევინებდნენ“, დაელოდებოდნენ, დაწმენდილ და დასვენებულ ბადაგს მოუკუპრავ რუმბებში ასხამდნენ და ურმებით მიჰქონდათ მარანში, სადაც ერთ ტემპერატურაზე ინახავდნენ.

ეს არის „ატენური“, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი მშრალი, ცქრიალა და მსუბუქად ცქრიალა ღვინო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ღვინოებს შორის მაღალი კონკურენციაა, მაინც ყველა რეგიონის ღვინო ახერხებს თავისი უნიკალური ხიბლი წარმოაჩინოს. განსაკუთრებული ნიშა უჭირავს „ატენურსაც“, ღვინოს, რომლის ქება სხვადასხვა ისტორიულ წყაროში იკითხება.

„ატენის ღვინო ქართლის ყველა ღვინოს აღემატება და საუკეთესოა ქართულ ღვინოებს შორის“ – წერს ვახუშტი ბატონიშვილი. „ღვინო ოჯალეშის მსგავს ნექტარს მე არ ვიცნობ, გარდა ატენურისა“ – წერს ქართველოლოგი მარი ბროსე.

ეს ჩანაწერები გვაგონებს ახალი ფილმის წანამძღვარს დიდი მსოფლიო გამოცემებიდან, რომელიც ფილმის ნახვამდე გვიქმნის განწყობას, რომ წინ რაღაც განსაკუთრებული გველის. ზუსტად ასეა „ატენურის“ დაგემოვნებაც. გამორჩეულად ჰარმონიული გემოს მქონე ღვინოს აქვს სასიამოვნო, ხალისიანი, დახვეწილი, გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი, მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას კი უვითარდება სასიამოვნო ბუკეტი ხილის ტონებით.

ატენურის ფერი ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდეა. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა ჰქონდეს 11,0%-ზე ნაკლები.

ატენური ღვინო მზადდება ატენის მიკროზონაში მოწეული ჩინურის და/ან გორული მწვანეს და/ან ალიგოტეს ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. რაც შეეხება თავად მიკროზონას, ის მდებარეობს შიდა ქართლის მევენახეობის ზონის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გორიდან სამხრეთი მიმართულებით, მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდინარე ტანას ხეობაში.

ღვინის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს ადგილობრივი კლიმატი და ნიადაგი. ამ ხეობაშია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ნიადაგი კი თიხნარებითა და მსუბუქი თიხებითაა გაჯერებული.

ატენის ხეობის მოსახლეებისთვის ეს ღვინო ნუგბარი სასმელია. პატივისცემით სავსე დამოკიდებულება ხალხმა სიმღერაშიც ჩააქსოვა, ხალხური სიმღერა „ღვინო ატენური“ გაჯერებულია სტრიქონებით, რომელიც იუმორით გადმოსცემს სიყვარულს ამ ღვინის მიმართ:

„ერთმან იხუმრა: ვიბანებ

თიფლის აბანოს ნურითა,

მეორემ – თევზით გავძღები

ზურგიელ გელანქურითა,

მესამემ – მივიბრუჟები

ღვინითა ატენურითა.

მეოთხემ – კიდეც დაგვთოკონ

საბლითა მაზმანურითა!“

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო