საია-ს თავმჯდომარე - როცა პოლიტიკური გუნდი არის უფლებამოსილი, დააკომპლექტოს და აირჩიოს ცესკო-ს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ეს ტოვებს იმის რისკებს, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა დარჩება დაბალი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, თუ ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, არ შესრულდება ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღებით იქნება შესაძლებლობა, რომ ერთპარტიულად მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება.

„მესამე მოსმენით ამ ცვლილების მიღება სამწუხაროდ, ისევ იმის გაგრძელებაა, რომ რეკომენდაციები არ შესრულდება ისე, როგორც ამას ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს და როგორც ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნებში. ის ცვლილებები, რომელიც ამ ეტაპზე კანონმდებლობაში არის ასახული, ისევ ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ერთპარტიულად მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რაც ცესკოს მიმართ ნდობას დაასუსტებს.

მთავარი გამოწვევა არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა. როდესაც პოლიტიკური გუნდი არის უფლებამოსილი, რომ დააკომპლექტოს და აირჩიოს ცესკო-ს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ეს ტოვებს იმის რისკებს, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა დარჩება დაბალი“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

რაც შეეხება კითხვას, უნდა გამოიყენოს თუ არა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევის ალბათობა ძალიან მაღალია.

„ეს დროში გაახანგრძლივებს ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, ეს იქნება პოლიტიკური პასუხი მისი მხრიდან, რომ ის არ ეთანხმება ამ რეგულაციას",-განაცხადა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 20 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

“საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის