პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრება

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრება - შესაბამისი განათლების მოპოვების შემდგომ, დაინტერესებული პირი სახელმწიფო სარეგისტრაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას დაექვემდებარება.

ამ მიმართულებით “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე პროექტები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს.

საკანონმდებლო პაკეტი ექთნებისა და მეანი-ექთნების დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, წოდებრივი რანჟირების სისტემა ინერგება. კერძოდ, უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება მიენიჭებათ, პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს - სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება, საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი.

ამასთან, იგეგმება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნა, რომლის საშუალებით ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება განხორციელდება. რეესტრში ავტორიზებული იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.

სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის სერტიფიცირება 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე, უგამოცდოდ განხორციელდება. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება.

პროექტის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება 5 წლის ვადით მოხდება.

საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი - კერძოდ, “მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება.

საკანონმდებლო პაკეტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის